Thumbnail
  • ალექსის სანჩესს ყველა აკრიტიკებს, სოლსკიაერი კი იცავს
  • ნორვეგიელს სჯერა, რომ ჩილელი ფორმაში აუცილებლად შევა

მას მერე, რაც მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, ალექსის სანჩესზე ბევრი ითქვა და დაიწერა - იმის გამო, რომ იმედებს ოდნავადაც ვერ ამართლებს, ბრიტანულმა სპორტულმა მედიამ მისი ტრანსფერი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ გარიგებად შერაცხა. სანჩესს ყველა დასცინის - ვისაც არ ეზარება. ახლა კი, მის შესახებ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა. ნორვეგიელმა ჩილელი არც მეტი, არც ნაკლები, კეჩუპს შეადარა…

ალექსის სანჩესის ხელფასი კვირაში დაახლოებით 400 000 ევროა

„ნებისმიერისთვის ნაცნობია ის მომენტი, როცა კეჩუპი ბოთლიდან არაფრით არ გადმოდის, მერე კი, როცა ბოლოს და ბოლოს გადმოვა, თეფშზე იმაზე ათჯერ მეტი გაქვს, ვიდრე გინდოდა“, - განცხადა სოლსკიაერმა BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა: „ერთი გოლი რომ გაიტანოს, თავდაჯერებას დაიბრუნებს.“

მანჩესტერ იუნაიტედმა ალექსის სანჩესი შარშან, ზამთარში, ლონდონის არსენალიდან გადაიბირა და კვირაში დაახლოებით 400 000 ევროს უხდის. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე კი იმედებს ვერ ამართლებს - აქტუალურ სეზონში ჩილელს 19 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ალექსისს უკვე საკმარისზე გაცილებით მეტი დრო ჰქონდა თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, სოლსკიაერს სჯერა, რომ ჩილელი ნავსს გატეხს და ამას მაინც მოახერხებს.

სოლსკიაერს სჯერა, რომ ჩილელი ამ სეზონშივე დაამტკიცებს, რა შეუძლია

“დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე აუცილებლად შევა ტოპ-ფორმაში. ორი თვეა, რაც მასთან ერთად ვმუშაობ, აქედან ერთი თვე ტრავმირებული იყო. ამიტომაც, მისი მუდმივი კრიტიკა უსამართლოა,” - ამბობს ნორვეგიელი.

ვნახოთ, გამართლდება თუ არა სოლსკიაერის მოლოდინი. თავის გამოჩენის მომდევნო შანსი ალექსის სანჩესს დღესვე, ლონდონის ჩელსისთან ასოციაციის თასის ცენტრალურ შეხვედრაში მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები