Thumbnail
  • ბაიერნი ზაფხულში მინიმუმ 100-მილიონიან ფეხბურთელს შეიძენს
  • მიუნხენელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რეალის უკმაყოფილო გარემარბია

მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ ზაფხულში ბევრი ფულის დახარჯვას და გუნდის სერიოზულად გაძლიერებას აპირებენ. ბავარიული გრანდის შეფები ბოლოს და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კარგ ფეხბურთელში მინიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდა აუცილებელია.

მარკო ასენსიო

ესპანური “დონ ბალონის” ინფორმაციით, რეკორდმაისტერი მადრიდის რეალის გარემარბ მარკო ასენსიოს უმიზნებს და მზადაა, მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. 23 წლის ასენსიო “სამეფო კლუბში” ბოლო დროს უკმაყოფილოა. გუნდის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებს. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ასენსიოს რეალიდან წასვლა სურს და დარჩენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ სოლარი გუნდს დატოვებს, ახალი მწვრთნელისგან კი იმის გარანტიას მიიღებს, რომ მეტი დრო დაეთმობა. ასენსიოს რეალთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

“დონ ბალონის” ცნობით, ბაიერნში სურთ, რომ ამ სიტუაციით ისარგებლონ. ასენსიოს შეტევაში ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის იდეალური შემცვლელია. როგორც იცით, გადაწყვეტილია, რომ ჰოლანდიელი და ფრანგი ზაფხულში ბაიერნს დატოვებენ. უფრო კონკრეტულად, რობენის წასვლა ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რიბერის კი ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ რეკორდმაისტერში კიდევ 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

“გადავწყვიტეთ, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდი სერიოზულად გავაძლიეროთ,” - უთხრა რამდენიმე დღის წინ ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Sport1-ს. შედის თუ არა მის გეგმებში მართლაც მარკო ასენსიოს შეძენა, ამას ზაფხულამდე გავიგებთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები