Thumbnail

მას მხოლოდ თამაში სურდა - რამდენად მაგარი იყო გერმანიის საუკუნის ტალანტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანული ფეხბურთის საუკუნის ტალანტმა კარიერა 17 წლის წინ დაასრულა
  • სებასტიან დაისლერი ფეხბურთიდან 27 წლის ასაკში, ყველასათვის მოულოდნელად წავიდა
  • ბასტი-ფანტასტი 5 იანვარს 44 წლის გახდა - სად არის და როგორ არის ახლა

17 წლის წინ საფეხბურთო გერმანია შოკში იყო. 2007 წლის 16 იანვარს, 12 საათსა და 02 წუთზე, გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთმა უნიჭიერესმა წარმომადგენელმა, სებასტიან დაისლერმა, ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ კარიერას ამთავრებდა. "ბასტი-ფანტასტი", როგორც მას მთელი გერმანია მოიხსენიებდა, მაშინ მხოლოდ 27 წლის იყო. დღეს, 5 იანვარს მისი დაბადების დღეა - დაისლერი 44 წლის გახდა.

“ფეხბურთის თამაში აღარ მსიამოვნებს. ფეხბურთი ჩემთვის ტანჯვად იქცა. მეტი აღარ შემიძლია. წავედი!” - განაცხადა მაშინ დაისლერმა სახელდახელოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

17 წლის წინ: სებასტიან დაისლერი უკანასკნელ პრესკონფერენციაზე

დაისლერი დიდხანს ებრძოდა დეპრესიას და ტრავმებს, მუხლზე ხუთი ოპერაცია გადაიტანა და საბოლოოდ დანებდა. პრესკონფერენციაზე მის გვერდით იჯდა ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესიც, რომელიც დაისლერისთვის, დაისლერთან ერთად იბრძოდა.

პრესკონფერენციამდე ორი დღიდთ ადრე, 2007 წლის 14 იანვარს, როცა მიუნხენელები დუბაიში შეკრებაზე იმყოფებოდნენ, სებამ ჰიონესს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა - დალაპარაკება მინდაო. ულიმ და სებამ თითქმის მთელი ღამე ილაპარაკეს. ჰიონესი იხსენებს, რომ ბოლოს დაისლერს მის დივანზე ჩაეძინა. მიუხედავად ჰიონესის ბევრი ხვეწნა-მუდარისა, სებასტიანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა - დაბრუნდნენ თუ არა მიუნხენში, პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მიდიოდა.

მას მერე 17 წელი გავიდა და სებასტიან დაისლერი არსად ჩანს!

სება საჯაროდ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა - 2009 წელს, სატელევიზიო შოუში, სადაც თავისი წიგნი (“უკან, ცხოვრებაში”) წარადგინა. მას მერე ზუსტად არავინ იცის, სად არის, როგორ არის და რას აკეთებდა ბოლო წლებში.

გაზეთ “ბილდის” ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, სად და როგორ ცხოვრობს ერთ დროს გერმანული ფეხბურთის საუკუნის ტალანტად შერაცხული დაისლერი.

ცნობილია, რომ კარიერის მოულოდნელად დასრულების შემდეგ, სება ცოტა ხნით ბერლინში ცხოვრობდა, მაგრამ არსად ჩნდებოდა. მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები მას ძალიან იშვიათად და ისიც შემთხვევით ხვდებოდნენ.

ხან პარკში იჯდა და წიგნებს კითხულობდა, ხანაც გოლფს თამაშობდა. როცა ჟურნალისტები ურეკავდნენ, ან ფოტოგრაფები აკითხავდნენ, მაშინვე ადვოკატს ურეკავდა. ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც ბაიერნმა მიუნხენში გადასვლისთვის თავის დროზე 20 მილიონი მარკა ჩაურიცხა, საზოგადოებაში გამოჩენა აღარ სურდა.

დაისლერმა ბერლინში დიდხანს ვერ გაძლო. მალევე გაშორდა ბრაზილიელ მეგობარ გოგოს, რომელთანაც ერთი (დღეს უკვე 18 წლის) შვილი ჰყავს. 2013 წელს დაისლერმა ყოფილ მრჩეველთან სასამართლო დავა წააგო და იძულებული გახდა, 355 000 ევრო მიეცა. 

სებასტიანი თავის ბრაზილიელ მეგობარ გოგოს დიდი ხანია, გაშორდა

ამის შემდეგ დაისლერი მშობლიურ ლიორახში (48 158 მაცხოვრებელი) დაბრუნდა. ეს ძალიან პატარა ქალაქია, დაისლერის ქალაქი. 2014 წლის შემდეგ სება ფრაიბურგთან ახლოს, საკუთარ ვილაში, მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. ოღონდ, საჯაროდ არსად ჩნდება. დღესაც, ფრაიბურგში რომ გაიკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ დაისლერი, სავარაუდოდ, ისევ ფრაიბურგშია, მაგრამ არავის უნახავს. ლიორახში კი ამბობენ, რომ ვიღაცებმა ნახეს, როგორ თამაშობს ხოლმე ხანდახან ფეხბურთს, მაგრამ მეტი არც არაფერი.

როი მაკაი, სებასტიან დაისლერი და კლაუდიო პისარო
2005 წელი, კონფედერაციათა თასის ნახევარფინალი: გერმანია-ბრაზილია 2:3. დაისლერი და რონალდინიო

“ბილდის” ინფორმაციით, 2016 წელს დაისლერმა სამოყვარულო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს: “დაისლერი დაახლოებით 2 საათი იყო ჩენთან, კარგად ითამაშა. სამოყვარულო ტურნირი იყო, რომელსაც მხოლოდ 100 მაყურებელი ესწრებოდა. სებასტიანს ყველა ტაშს უკრავდა. კარგ ხასიათზე იყო, დეპრესიის არაფერი ეტყობოდა. ყველას ელაპარაკებოდა, მაგრამ ფოტოების გადაღებაზე უარს ამბობდა. სამწუხაროდ, მომდევნო ტურნირში აღარ უთამაშია.”

მართალია, სებასტიან დაისლერი საზოგადოებისთვის მოჩვენებად იქცა, მაგრამ გერმანული ფეხბურთის მოყვარულები მას არასდროს დაივიწყებენ.

მისი ყოფილი ხელმძღვანელი, ბერლინის ჰერტას ექს-შეფი დიტერ ჰიონესი ამბობს: “სებას კარიერა რომ არ დაემთავრებინა, აუცილებლად მოხვდებოდა ისეთი ფეხბურთელების სიაში, რომელთა ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევროა. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ნაკრებშიც 100-ზე მეტი მატჩი ექნებოდა ჩატარებული. გერმანული ფეხბურთისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთმა ფეხბურთელმა ნაკრებში მხოლოდ 36 შეხვედრა გამართა. მას მერე, რაც კარიერა დაამთავრა, მხოლოდ ერთხელ და ისიც შემთხვევით შევხვდი - გერმანიის თასის ფინალზე. იმედი მაქვს, რომ კარგადაა.”

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებიც სწორედ ამას იტყოდნენ...

კომენტარები

ბოლო ამბები