Thumbnail
  • სუპერ-ფორვარდები და პაულო დიბალა გამთამაშებლად
  • დაცვაში ბარძალი და გლიკი, კარში - სირიგუ
  • წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნების შემთხვევაში პალერმო დიდი მიზნებისთვის იბრძოლებდა

პალერმოს ხსენებაზე, ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობას ამ მოკრძალებული იტალიური კლუბის შეშლილი პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ახსენდება, რომელსაც შეუძლია, ერთ სეზონში 4-5 მწვრთნელი შეცვალოს და, თანაც, ორჯერ დააბრუნოს მანამდე გაშვებული დამრიგებელი.

მაურიციო ძამპარინი

მაურიციო ძამპარინის ერა პალერმოში 2002 წელს დაიწყო, როდესაც მან გუნდი ფრანკო სენსისგან 15 მილიონ ევროდ შეიძინა. ძამპარინისთვის პალერმო მესამე გუნდი იყო - მანამდე ის პორდენონესა და ვენეციას ფლობდა. მაურიციოს მიზანი კლუბის სერია A-ში დაბრუნება და მისი გაძლიერება იყო, რაც ორი სეზონის შემდეგ მოახერხა. პალერმომ სერია B-ში 83 ქულა დააგროვა და სერია A-ს დაუბრუნდა. სიცილიელთა მთავარი ბომბარდირი ლუკა ტონი გახდა, რომელმაც 45 თამაშში 30 გოლი გაიტანა.

ძამპარინის გუნდმა პირველივე სეზონში შეძლო უეფას თასის საგზურის მოპოვება. ტონიმ სერია A-ში 20-ჯერ გაიტანა, პალერმომ კი მე-6 ადგილი დაიკავა. მომდევნო სეზონში გუნდმა უეფას თასის მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც გელზერკირხენის შალკესთან ორმატჩიან დუელში დამარცხდა. ამ სეზონში გუნდს ლუკა ტონი უკვე აღარ ჰყავდა. ორ სეზონში 50 გოლის გამტანი შემტევი ფიორენტინამ მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

პალერმომ ფეხბურთელების აქტიური გაყიდვა უკვე 2011 წლიდან დაიწყო. ძამპარინის მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელის იაფად ხელში ჩაგდება და შემდგომ მისი ძვირად გაყიდვა იყო.

როგორი იქნებოდა პალერმოს შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს შეინარჩუნებდნენ? წარმოგიდგენთ სიცილიელების საუკეთესო თერთმეტეულს, რომელთა შენარჩუნების შემთხვევაშიც, პალერმო სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებდა.

1. სალვატორე სირიგუ

იტალიელი მეკარე ახალგაზრდული გუნდის გაზრდილია. ძირითად გუნდში გადასვლის შემდეგ, ორი სეზონი ის იჯარის წესით ანკონასა და კრემონეზეში თამაშობდა. ძამპარინიმ ის გუნდში 2009 წელს დააბრუნა, სირიგუმ პალერმოში ორი ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც პარი სენ-ჟერმენში 3,9 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და საფრანგეთის ჩემპიონობა 4-ჯერ მოიგო. სალვატორე სირიგუ ახლა 32 წლისაა და ტორინოს ღირსებას იცავს.

2. მატეო დარმიანი

იტალიელმა მცველმა პალერმოში ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც ტორინომ დარმიანი 850 000 ევროდ შეძინა და მერე მანჩესტერ იუნაიტედში 18 მილიონ ევროდ გაყიდა. მატეოს ასეთ თანხად გაშვებას ძამპარინის ერთ-ერთ შეცდომად მიიჩნევენ.

3. ემერსონ პალმიერი

ბრაზილიელი მცველის დატოვება პალერმომ აღარ მოისურვა და სანტოსში დააბრუნა, რის შემდეგაც პალმიერიმ ჯერ რომაში ითამაშა, ხოლო მისი მომდევნო გუნდი ლონდონის ჩელსი აღმოჩნდა.

4. კამილ გლიკი

პალერმომ პოლონურ პიასტს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა გლიკის ტრანსფერში და ეს ფეხბურთელი 5-ჯერ ნაკლებ თანხად გაყიდა. სიცილიელებს ყველაზე მარტივად ტურინელები ‘ატყუებდნენ’. ტორინომ პოლონელი მცველი მხოლოდ 300 ათას ევროდ შეიძინა და მონაკოში 11 მილიონ ევროდ გაყიდა.

დარმიანისა და გლიკის ტრანსფერში პალერმომ ტორინოსგან 1 150 000 ევრო მიიღო, ტურინელებმა კი ამ ორი ფეხბურთელის გაყიდვით 27 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავეს.

5. ანდრეა ბარძალი

ანდრეა პალერმოში კიევოდან აღმოჩნდა. სიცილიელებმა ვერონელებს მილიონნახევარი ევრო გადაუხადეს. ბარძალიმ პალერმოში 4 სეზონი ითამაშა. მან 2006 წელს იტალიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, რის შემდეგაც გუნდში კიდევ ორი სეზონი დარჩა. ყველას ეგონა, რომ ბარძალი კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებდა, თუმცა ის ვოლფსბურგში წავიდა კრისტიან ძაკარდოსთან ერთად და სადებიუტო სეზონშივე გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა. პალერმო ბარძალის ტრანსფერში 14 მილიონი მიიღო. ანდრეა ახლა 37 წლისაა და იუვენტუსში თამაშობს. მან ტურინულ გრანდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო.

6. იოსიპ ილიჩიჩი

2010-2011 წლების სეზონის დაწყების წინ, ძამპარინიმ აქცენტი სლოვენიელ ფეხბურთელებზე გააკეთა და გუნდში 4 სლოვენიელი მიიყვანა - სამი მარიბორიდან და ერთიც გორიცადან.

მარიბორიდან გუნდში არმინ ბაჩინოვიჩი (1,2 მილიონი ევრო), იოსიპ ილიჩიჩი (2,3 მილიონი ევრო) და სინიშა ანდელკოვიჩი (1,2 მილიონი ევრო) მივიდნენ, ხოლო გორიცადან - იასმინ კურტიჩი (800 ათასი ევრო).

ამ ოთხი ფეხბურთელიდან ყველაზე უკეთ ილიჩიჩმა და კურტიჩმა ითამაშეს. ილიჩიჩი დღესაც სერია A-ში თამაშობს. ის ატალანტას ღირსებას იცავს და ბოლო ორ სეზონში 20 გოლი აქვს გატანილი. პალერმომ ილიჩიჩი ფიორენტინაში 9 მილიონ ევროდ გაყიდა.

7. ფრანკო ვასკესი

იტალო-არგენტინელი ბელგრანოში სტაბილურად თამაშობდა, მის ტრანსფერში პალერმომ არგენტინულ გუნდს 4,5 მილიონი ევრო გადაუხადა. ფრანკომ ორ სეზონში პალერმოს მაისურით 18 გოლი გაიტანა. მისი დამატება სევილიამ მოისურვა, ანდალუსიელებმა მის ტრანსფერში 15 მილიონ ევრო გადაიხადეს.

8. ხავიერ პასტორე

2008-2009 წლების სეზონში ხავიერ პასტორეს ურაკანს არგენტინის კლაუსურას მოგებამდე ორი ქულა დააკლდა, ბუენოსაირესელებს ველესმა აჯობა. პასტორემ კი იმ სეზონში 8 გოლი გაიტანა. თავის გუნდს მოაგებინა ველესთან, რივერ პლეიტს დუბლი შეუსრულა და რასინგის მისსავე მოედანზე 4:1 გაანადგურა. ძამპარინიმ მის ტრანსფერში 7 მილიონი გადაიხადა და ხავიერი 6-ჯერ ძვირად გაყიდა პარი სენ ჟერმენში. პასტორემ ლიგა 1 5-ჯერ მოიგო და  იტალიაში დაბრუნდა. ხავიერი ამჯერად რომას ღირსებას იცავს.

9. ანდრეა ბელოტი

ბოლო სიცილიურ-ტურინული ტრანსფერი 2015 წელს შედგა. ანდრეა ბელოტი პალერმოდან ტორინოში 7,5 მილიონ ევროდ გადავიდა. იგი სწორედ ტურინული კლუბიდან მიიწვიეს იტალიის ნაკრებში. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, ბელოტი დღემდე ტორინოში რჩება.

10. პაულო დიბალა

უნიჭიერესი არგენტინელი სერია A-ში არგენტინის მეორე ლიგიდან აღმოჩნდა. პაულო ინსტიტოს ღირსებას იცავდა და იმ სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო. ეს ის სეზონია, როდესაც რივერ პლეიტი არსებობის ისტორიაში პირველად თამაშობდა არგენტინის მეორე ლიგაში. დიბალამ გუნდი გადასასვლელ პლეი ოფამდე მიიყვანა და იქ სან ლორენცოსთან ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა.

ძამპარინიმ არგენტინელებს 12 მილიონი გადაუხადა და იუვენტუსს სამი სეზონის შემდეგ, პაულო 20 მილიონით ძვირად მიჰყიდა.

11. ედინსონ კავანი

პალერმომ ურუგვაელი დანუბიოდან 5 მილიონად შეიძინა. კავანიმ პალერმოში გატარებულ 4 სეზონში 34 გოლი გაიტანა. ედინსონი სერია A-ში დარჩა და კლუბი შეიცვალა. ნაპოლიმ პალერმოს 16 მილიონი გადაუხადა და 3 წლის შემდეგ, კავანი პარი სენ ჟერმენში 4-ჯერ ძვირად, 64 მილიონ ევროდ გაყიდა.

P.S. პალერმოში სწორედ ძამპარინის დროს აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძეც.

კომენტარები

ბოლო ამბები