Thumbnail
  • შაბათს ჩემპიონთა ლიგა 27-ე სეზონს ასრულებს
  • გთავაზობთ წინა 26 სეზონის გამარჯვებულთა კლასიფიკაციას

ნებისმიერი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას იგებს, ძალიან მაღალი დონისაა. სხვანაირად, ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირს ვერავინ მოიგებს, მაგრამ ყველა გამარჯვებული ერთნაირად კარგიც ვერ იქნება - ზოგი ძალიან კარგია, ზოგიც - საუკეთესო.

1992 წელს, ჩემპიონთა ლიგის შემოღებით, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მოდი, თითოეული გამარჯვებული შევაფასოთ და სხვა ტრიუმფატორებს შევადაროთ. მთავარი ფაქტორებია გუნდის თამაშის ხარისხი მთელი ტურნირის განმავლობაში (და არა მხოლოდ ფინალში), რა შემატა იმ წლის გამარჯვებულმა ფეხბურთს და რამდენად დასამახსოვრებელი იყო მისი გამარჯვება.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა რეიტინგი.

წაიკითხე | PREVIEW | დიდი ფინალის წინ - რას ველოდოთ ტოტენჰემი-ლივერპულისგან

10. ბარსელონა (2011)

ლეო მესი ძალზე პროდუქტიული იყო - ტურნირზე 12 გოლი გაიტანა, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალში, მადრიდის რეალის კარში შესრულებული დუბლი იყო.

მესის ერთ-ერთი გოლი ფანტასტიკური გამოვიდა. ნახევარდაცვაში ჩავი და ინიესტა ბრწყინავდნენ, ხოლო დავიდ ვილიას ბარსაში პირველი და ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ვილიამ, მესიმ და პედრომ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანეს, ბარსელონამ კი "უემბლიზე" უშანსოდ დაამარცხა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი - 3:1. 

9. რეალი (2002)

ეს იყო სეზონი, როცა ფლორენტინო პერესის ოცნება "გალაქტიკოზე" პირველად ახდა - ზინედინ ზიდანი რეალში რაულს, რობერტო კარლოსსა და ლუიშ ფიგუს შეუერთდა. ორ ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდმა 12 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

ამ გუნდმა ხასიათიც გამოავლინა - როცა ბაიერნმა პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა, "ლოს ბლანკოსმა" სტუმრად 2:0 გაიმარჯვა და ბრძოლა გააგრძელა. ნახევარფინალში რეალმა "კამპ ნოუზე" ბარსა 2:0 დაამარცხა. ფინალში ზიდანმა ლევერკუზენის კარში ლეგენდარული გოლი გაიტანა. რეალისთვის სამწუხაროდ, პერესი ვერ აცნობიერებდა გუნდში კლოდ მაკელელეს როლს, ის ჩელსიში წავიდა და რეალის წარმატებებიც დასრულდა.

8. რეალი (2014)

რეალის ფანები 12 წლის განმავლობაში ელოდნენ "დესიმას" - მე-10 ტიტულს ჩემპიონთა ლიგაზე (თასზე). კარლო ანჩელოტის გუნდსაც ეს დავალება ჰქონდა სეზონის წინ. კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 17 გოლი გაიტანა!

თუმცა მხოლოდ მას არ მიუძღვის წვილი ამ გამარჯვებაში. ყველაზე გამორჩეული "ალიანც არენაზე" მაშინდელი თასის მფლობელის ბაიერნის განადგურება იყო - 4:0. ეს საპასუხო ნახევარფინალში მოხდა. სერხიო რამოსმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მანამდე, წინა გათამაშების ფინალისტი დორტმუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამარცხეს დიდი ანგარიშით - 3:0. ფინალში ატლეტიკომ კინაღამ წაართვა ტიტული რეალს, მაგრამ სერხიო რამოსმა ბოლო წამს გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში რეალმა 3 გოლი გაიტანა, გოლის მიუხედავად, კრიშტიანო ამ შეხვედრაში უჩვეულოდ "მშვიდი" იყო. 

7. აიაქსი (1995)

შესაძლოა, ეს გუნდი არ იყო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ მაშინდელი აიაქსის გამარჯვება ეპოქალური მიღწევა იყო. ლუი ვან გაალის ახალგაზრდული გუნდის თამაშის ყურება ერთ რამედ ღირდა. ვეტერანი ფრენკ რაიკაარდის მხარდაჭერით იმ სეზონში კლარენს ზეედორფი, ედგარ დავიდსი, იარი ლიტმანენი, ფინიდი ჯორჯი და მარკ ოვერმარსი "აფეთქდნენ". 

იმ წელს მილანი მსოფლიოში საუკეთესო გუნდად ითვლებოდა, აიაქსმა კი მას სამჯერ მოუგო, ორჯერ ჯგუფურ ეტაპზე, ერთხელ კი გადამწყვეტ თამაშში ვენაში - 18 წლის პატრიკ კლუივერტი მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. 

6. რეალი (2017)

მაშინდელი რეალი დაუძლეველი იყო - გუნდმა პლეი ოფში ნაპოლი, ბაიერნი და ატლეტიკო ჩამოიცილა გზიდან. ფინალში რეალის მეტოქე ძლიერი იუვენტუსი იყო, რომელიც შინაურ პირველობაზე უკონკურენტო იყო, მაგრამ რეალმა იუვე ფინალში 4:1 დაამარცხა. 

კარდიფის ფინალამდე იყო ბევრი დამაჯერებელი თამაში. დაცვაში სერხიო რამოსი გაუვალი იყო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი შუახაზში ბრწყინვალედ გამოიყურებდნენ, კრიშტიანომ კი ტურნირზე 12 გოლი გაიტანა. რეალმა 1958 წლის მერე პირველად შეასრულა საოცარი დუბლი - მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა თასი. 

5. რეალი (2018)

2017/18 წლესბის სეზონი რეალი ძალიან ჰგავდა წინა სეზონის გუნდს. მართალია, ამჯერად, კლუბი ნაკლებად წარმატებული იყო ლა ლიგაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებმა შთამბეჭდავად ითამაშეს პსჟ-ს, იუვენტუსისა და ბაიერნის წინააღმდეგ. 

კრიშტიანო რონალდომ თავისი მომავალი გუნდის წინააღმდეგ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. საოცარი სილამაზის იყო გარეთ ბეილის კიევური გოლიც ლივერპულის წინააღმდეგ. ამ ტრიუმფის შემდეგ ზინედინ ზიდანმა რეალიდან წასვლა ტრიუმფატორის როლში გადაწყვიტა. 

4. ბარსელონა (2015)

მსოფლიომ პირველად ნახა ბარსას სუპერტრიუმვირატი - MSN (მესი, სუარესი, ნეიმარი). ეს სამეული ფენომენალურად უგებდა ერთმანეთს. მათი წყალობით გუნდმა ტრიპლეტი მოიგო. ბარსას ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა იოლად მოუგო ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონებს და ფინალში იტალიის ჩემპიონი იუვენტუსი დაამარცხა. MSN-მა ტურნირზე 27 გოლი გაიტანა. ახლაც ახსოვთ ფანებს, რა დამართა ლეო მესიმ ბოატენგს "კამპ ნოუზე". 

3. ბაიერნი (2013)

იუპ ჰაინკესს რეალში ძალზე უსამართლოდ მოექცნენ და მას კარიერაში ხშირად ექცეოდა უსამართლოდ ფორტუნა, მაგრამ 2013-ში ყველაფერი ვეტერანი სპეციალისტის სასარგებლოდ მოხდა და მან კარიერა ტრიუმფით დაასრულა.

მისმა ბაიერნმა შესანიშნავი ბალანსი იპოვნა დაცვასა და შეტევას შორის. "რეკორდმაისტერი", თითქოს, კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა სერიოზულ გრანდებს - იუვენტუსს სტუმრად 2:0 მოუგო, ბარსელონას ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში 7:0 აჯობა! 

ფინალში, რომელიც უემბლიზე გაიმართა, დორტმუნდის კარში გადამწყვეტი ბურთი ბოლო წუთებზე არიენ რობენმა გაიტანა. 

2. მანჩესტერ იუნაიტედი (1999)

ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა ტრიპლი საოცარ სტილში შეასრულეს. ნახევარფინალსა და ფინალში დრამატული ქამბექები ვიხილეთ "92 წლის კლასის" ბიჭების შესრულებით.

ყველას ახსოვს დრამატული სცენა ფინალში, "კამპ ნოუზე", სადაც ინგლისელებმა დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. არადა, გუნდს კინი და სქოულზი აკლდა. გერმანელები, ალბათ, დამსახურებულად იგებდნენ თასს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დევიდ ბექჰემის ორმა კუთხურმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სულშერმა გამარჯვება იუნაიტედს მოუტანეს.

1. ბარსელონა (2009)

პეპ გვარდიოლას პირველი სეზონი ბარსელონაში საუკეთესო იყო. 2008/09 წლების ბარსას თამაშის ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო. კატალონიელები საოცარ გუნდურ ფეხბურთს აჩვენებდნენ - ჩავის, ინიესტას, ბუსკეტსისა და სხვების წყალობით. იაია ტურეს საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ტიერი ანრი ამ სეზონით დაემშვიდობა ბარასას, მასთან ერთად სამუელ ეტო'ო ბრწყინავდა. 

ერთია, ამ საოცარ გუნდს ნახევარფინალში ჩელსისთან მსაჯის წყალობით გაუმართლდა. ყველაზე საოცარი მაინც ბაიერნის 4:0 განადგურება იყო მეოთხედფინალში. "ოლიმპიკოზე" ბარსამ იუნაიტედს ულაპარაკოდ მოუგო - 2:0. ეს იყო ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი. 

ჩემპიონთა ლიგამ უკვე 26 სეზონი მიითვალა და ახლა 27-ეს ასრულებს. გთავაზობთ რეიტინგის გაგრძელებას ათეულს მიღმა. ვფიქრობთ, ბოლოადგილოსანს ყველა დაეთანხმება... 

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა რეიტინგი: 11-26

11. ბაიერნი (2001)
12. ბარსელონა (2006)
13. მილანი (2007)
14. რეალი (2000)
15. იუვენტუსი (1996)

16. ლივერპული (2005)
17. რეალი (1998)
18. დორტმუნდი (1997)
19. რეალი (2016)
20. ინტერი (2010)

21. მანჩესტერ იუნაიტედი (2008)
22. მილანი (1994)
23. პორტუ (2004)
24. მილანი (2003)
25. ჩელსი (2012)

26. მარსელი (1993)

მომზადებულია FourFourTwo-ს მიხედვით.

კომენტარები

ბოლო ამბები