Thumbnail
  • საფეხბურთო იტალია 21-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს
  • ესპანეთთან მოგების შემდეგ იტალიაში ყველა ეიფორიაშია

იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ესპანეთთან გამარჯვებით (3:1) დაიწყო. ‘აძური’ სებალიოსის ბრწყინვალე გოლით აგებდა და თამაშის შეტრიალება მოახერხა, რაც პირველ რიგში იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ფედერიკო კიეზას დამსახურებაა. იტალიურმა სპორტულმა მედიამ ესპანეთთან ‘ქამბექი’ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებად შერაცხა.

'კორიერე დელო სპორტის' პირველი გვერდი დღეს

“კიეზამ იტალიას ფრთები შეასხა!” - წერდა ‘კორიერე დელო სპორტი’ დუბლის ავტორზე, რომელიც იტალიური ფეხბურთის მომავალთან ასოცირდება. ფიორენტინას 21 წლის შემტევს პირველი გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოუვიდა - დრიბლინგის შემდეგ, მახვილი კუთხიდან გაიტანა. მეორე გოლი კი კიეზამ, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში უკვე 13 მატჩი აქვს ჩატარებული, 64-ე წუთზე გაიტანა.

“ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვება ფედერიკო კიეზას შედევრით დაგვამახსოვრდება. მისი ორი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ‘აძურის’ მატჩი შემოეტრიალებინა და ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ იტალიას ძალიან კარგი U21 ნაკრები ჰყავს,” - ვკითხულობთ ‘ლა რეპუბლიკაში’.

არადა, ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდს ორი პრობლემა შეექმნა. გარდა დანი სებალიოსის შესანიშნავი გოლისა, რომლითაც ესპანეთი იგებდა, ანგარიშის გათანაბრებიდან 6 წუთში იტალიური ფეხბურთის იმედი ნიკოლო ძანიოლო ესპანელ მეკარე სიმონთან შეჯახებისას დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა მაინც მოახერხეს მატჩის მოგება - კიეზას დუბლს, ლორენცო პელეგრინის ზუსტი პენალტი მოჰყვა.

“ყველაზე კარგი ის არის, რომ სებალიოსის გოლის შემდეგ არ დავნებდით და არ დავიბენით! ძლიერი გუნდი გვყავს და შეგვიძლია, მაღალი მიზნები დავისახოთ,” - განაცხადა მატჩის გმირმა კიეზამ თამაშის შემდეგ.

ფედერიკო კიეზა და რიკარდო ორსოლინი

ერთი სიტყვით, საფეხბურთო იტალია ეიფორიაში. “ჩვენმა ბიჭებმა ესპანელები არ დაინდეს და ჩაძირეს!” - წერს ‘ტუტოსპორტი’.

“იტალიამ პირველი რთული გამოცდა ჩააბარა. ეს მოგება იმას ნიშნავს, რომ ‘ლურჯი რენესანსი’ უბრალოდ სლოგანი არ არის. ამ ‘აძურის’ აქვს გული და სული!” - წერს ‘კორიერე დელა სერა’.

კომენტარები

ბოლო ამბები