- ტრაგედიას სასწაულებრივ გადარჩენილი ინგლისელი სპორტსმენის ისტორია
- აფროსნობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
ზუსტად 40 წლის წინათ, ნიკ უორდი Fastnet-ის რეგატაში მონაწილეობდა, რომელიც დიდი ტრაგედიით დასრულდა - შტორმმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნიკი ბოლო იახტსმენი იყო, ვისი გადარჩენაც შეძლეს, მანამდე კი ის მიატოვეს, ნიკმა დაღუპული მეგობრის ცხედართან ერთად ბევრი დრო გაატარა. ეს მისი ისტორიაა:

"ბოლო, რასაც ვიხსენებ, მრავალსართულიანი სახლის ხელა ტალღაა ზურგიდან" - ამბობს ინგლისელი იახტსმენი, რომელიც 1979 წელს აფროსნობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის უნებლიე მოწმე გახდა - მაშინ ინგლისის ნაპირებიდან ირლანდიისკენ რეგატის მონაწილე 15 სპორტსმენი დაიღუპა, შტორმმა კიდევ 6 მეზღვაური შეიწირა, რომლებიც რეგატაში მონაწილეობას არ იღებდნენ.
მარტო ზღვაში
უდიდესი ტალღის დარტყმის შემდეგ, ნიკმა გონება დაკარგა. როცა აზრზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ ზღაში მარტო იყო... მან ვეღარ იპოვნა სამაშველო ნავი, იახტაზე არავინ იყო. "გავიფიქრე, ნეტა, სად წავიდა ეს ხალხი-თქო. შემდეგ მიმოვიხედე და ზღვაში ჯერი უინკსი დავინახე. ის უგონოდ იყო, ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი, ვცდილობდი გადამერჩინა, მაგრამ სულ უფრო ულურჯდებოდა ტუჩები. ჯერი მეუღლეს უძახდა. შემდეგ კი გარდაიცვალა".

40 წლის წინანდელს ნიკი ახლაც ვერ იხსენებს მშვიდად. "შუაღამით მეღვიძება ხოლმე და ისევ ის გრძნობა მეუფლება... შიშისა და მარტოობის", - იხსენებს სასწაულებრივ გადარჩენილი სპორტსმენი თავის შემზარავ ისტორიას BBC-ის რადიოპროგრამა Outlook-ში.
ნიკ უორდი ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე ცხოვრობდა, ბავშვობიდან ზღვით იყო გატაცებული. 23 წლის ასაკში მას რეგატაში მონაწილეობის უფლება მისცეს. ის იახტა "გრიმალკინის" 6-კაციანი ეკიპაჟის წევრი გახდა.
რბოლის დასაწყისი
რეგატა 1979 წლის აგვისტოს დაიწყო, მასში 300 იახტა და 2.5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობდა. რეგატა კუნძულ უაიტზე იწყებოდა და ირლანდიასთან მდებარე ერთი ციცქნა კუნძულ ფასტნეტ-როკზე სრულდებოდა. სწორედ ამ კლდემ მისცა დასახელება პრესტიჟულ რეგატას, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა.

რბოლის მონაწილეებს ჯამში 1 000 კილომეტრამდე უნდა გაევლოთ. ნიკმა მალე აღმოაჩინა, რომ ამინდი უჩვეულოდ იქცეოდა: "ზღვა ისე გამოიყურებოდა, თითქოს, მას რაღაც აწვებოდა. ქარი ძლიერდებოდა, ტალღები კი სულ უფრო საშიში ხდებოდნენ. პირველმა დარტყმამ ეკიპაჟი ნოკდაუნში ჩააგდო".
SOS
იახტის შკიპერმა უბედურების სიგნალის გაგზავნა მოასწრო. სანაპირო სამსახურები იახტების გადარჩენის ოპერაციაში ჩაებნენ, გამოიყენეს ვერტმფრენები, თვითმფრინავები. შტორმის რაიონში სამხედრო ფრეგატი გამოჩნდა.

შტორმი კი არ ნელდებოდა. ნიკ უორდი ეკიპაჟისგან მიტოვებულ იახტაზე აღმოჩნდა. ნიკმა 15 წლის ასაკში ეპილეპსიის შეტევა განიცადა. ახლა კი წყალმა მისი წამლები გაიტაცა. ნიკს ეპილეპსიის გამეორების ყველაზე მეტად ეშინოდა...
საუბარი დაღუპულ მეგობართან
"ჯერის კვლავ ველაპარაკებოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ის მოკვდა და ჩემი არ ესმოდა. ვუყვებოდი ყველაფერს, რაც ხდებოდა, რომ არ გავგიჟებულიყავი. იახტის ძირში თოკით დავები, ხოლო თავში როკ-მუსიკა ისმოდა", - ნიკს არ ჰქონდა საკვები გარდა შედედებული რძის ერთი ქილისა, რომელიც მან 12 საათზე გაინაწილა. ის სუსტდებოდა და სიცივისგან კანკალებდა.
გადარჩენა

მან მაშველი ვერტმფრენი ვერც კი შეამჩნია, რომელიც იახტას უახლოვდებოდა. შემორჩენილია ნიკის გადარჩენის კინოკადრები - ის წამომჯდარია და წინ უაზროდ იყურება. ვერ ხედავს მაშველებს და არც შველას ითხოვს.
"მაშველს ჩემი მიბმა სურდა თოკზე. მე კი მას ვუთხარი, რომ ჯერ პასპორტი უნდა მეპოვნა. ცხადია, გონება ამღვრეული მქონდა. სულ სველი ვიყავი და ვიყინებოდი".
საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა - ზღვაში ყველაზე ბოლოს ცოცხალი სწორედ ნიკი ნახეს.
ეკიპაჟის ბედი
ნიკმა მხოლოდ შემდეგში გაიგო მისი იახტის ეკიპაჟის ბედი - შკიპერი ტალღამ მოისროლა და ჩაიძირა. სამი იატხსმენი რამდენიმე საათი ებრძოდა შტორმს ნავში, შემდეგ ისინი აღმოაჩინეს.
"მერე გავიგე, რომ მათ ჩათვალეს, ჩემი და ჯერის გადარჩენა შეუძლებელი იყო და წავიდნენ. მათზე არ ვბრაზობ. ჰოსპიტალში ქაღალდი მოვითხოვე, რომ ყველაფერი დამეწერა სანამ ჯერ კიდევ მახსოვდა".
რეგატაში მონაწილე 303 იახტიდან 75 გადაბრუნდა, 25 ეკიპაჟმა მიატოვა, 5 ჩაიძირა.
მეხსიერების დაბრუნება
ნიკ უორდი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ის ვერ უბრუნდებოდა იმ დღის ტრაგედიას. შემდეგ კი მას ურჩიეს, მომხდარზე წიგნი დაეწერა. ნიკისთვის მოულოდნელად, ამ მეთოდმა გაამართლა.
ტრაგედიიდან 30 წლის გასვლის შემდეგ ის ისევ იღებდა მონაწილეობას Fastnet-ში, ამჯერად, უფრო დიდი იახტის შემადგენლობაში.

1979 წლის ტრაგედიამ ბევრი რამ შეცვალა საიალქნო სპორტში, თუმცა Fastnet-ის რეგატა ახლაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია.
კომენტარები