Thumbnail
  • საქართველო 26 მარტს ელის, როცა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ითამაშებს
  • მეტოქე ბელარუსია... წესით, მაგრამ კოსოვოს ნაკრებს შეუძლია ყველაფერი არიოს.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 2020 წლის 26 მარტს, როცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვედრის უნიკალური შანსი ექნება - ჩვენი გუნდი, ევრო 2020-ის პლეი ოფში, წესით, ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს ნახევარფინალში, რომელიც საქართველოში გაიმართება. შემდეგ, თუ ფინალსაც მოიგებს, ვლადიმირ ვაისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! 

ეს შანსი უეფას რევოლუციურმა ცვლილებებმა და საქართველოს ნაკრების კარგმა თამაშმა მოგვცა ერთა ლიგაში (D ლიგა). 

კოსოვოელი ფანების სიხარულს საზღვარი არ აქვს

ჩვენ კი ველით ბელარუსთან თამაშს, მაგრამ შესაძლოა, ის საერთოდ არ შედგეს. საქმე ისაა, რომ კოსოვოს ნაკრები ყველასთვის მოულოდნელად, ბრწყინვალედ ასპარეზობს ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში. 

ახლახან კოსოვოელებმა შინ 2:1 დაამარცხეს ჩეხეთის ნაკრები, რომელიც პატრიკ შიკის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მურიქიმ და ვოივოდამ სენსაციური შედეგი დააფიქსირეს. ამის შემდეგ კოსოვოს A ჯგუფში 4 თამაშიდან 8 ქულა აქვს და 2 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ ჩეხეთს. წინ მხოლოდ ინგლისია (3 თამაშიდან 9 ქულით). მონტენეგროსა და ბულგარეთს კი მხოლოდ 2-2 ქულა აქვთ. თუ კოსოვო ამ ადგილს შეინარჩუნებს, ქვეყანა (რომელსაც საქართველო საერთოდ არ ცნობს) პირველივე ცდიდან გავა ევროპის ჩემპიონატზე. 

რა მოხდება ამ შემთხვევაში?

უეფას წესებით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასულ ნაკრებს პლეი ოფში აღარაფერი ესაქმება, საგზურს მეორედ ხომ არ მოიპოვებს. ასე რომ, კოსოვოს D ლიგიდან სხვა გუნდი ჩაანაცვლებს.

წაიკითხე | რეაბილიტაციის შანსი ვაისს - დანია მთავარი მწვრთნელის გარეშეა

ჯერჯერობით ასეა: D ლიგიდან პლეი ოფის საგზური საქართველომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, კოსოვომ და ბელარუსმა გაინაღდეს. თანაც, სწორედ ამ თანმიმდევრობით. ამიტომაც პირველი ნაკრები (საქართველო) მეოთხეს (ბელარუსი) შინ მასპინძლობს ნახევარფინალში. ისევე, როგორც მეორე ნაკრები (მაკედონია) - მესამეს (კოსოვო). 

მაგრამ თუ კოსოვო სიიდან ამოვარდება, მის ნაცვლად D ლიგის რეიტინგით მე-5 ნაკრები ჩაჯდება - ეს კი ლუქსემბურგია! 

შესაბამისად, გუნდები ასე დალაგდებიან: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბელარუსი, ლუქსემბურგი. ბელარუსი უკვე მესამეა და პლეი ოფში მე-2 ნაკრებს შეხვდება და არა საქართველოს. ჩვენს გუნდს კი შინ ნახევარფინალური მატჩი ლუქსემბურგთან ელის. 

კომენტარები

ბოლო ამბები