Thumbnail
  • სამხრეთამერიკელებმა ფავორიტად შერაცხულ საფრანგეთს შანსი არ დაუტოვეს
  • კვირას ფინალია: ესპანეთი არგენტინას დაუპირისპირდება

მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში სამხრეთამერიკელებმა ფავორიტად შერაცხულ და ტურნირიდან ამერიკელთა გამომთიშავ საფრანგეთს 80:66 სძლიეს.

ფრანგები მძლავრ მანქანას ნამდვილად აღარ ჰგავდნენ, არგენტინას კი ნაცნობი ტაქტიკა ჰქონდა შემუშავებული: სწრაფი შეტევები და ლუის სკოლას მაქსიმალურად დატვირთვა.

39 წლის ვეტერანმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, არც რუდი გობერის მეურვეობა შეიმჩნია და 34:04 წუთში ამჯერადაც შთამბეჭდავ ორმაგ დუბლს (28 ქულა, 13 მოხსნა) გამორჩა, რაც გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა.

📺 არგენტინა - საფრანგეთი 80:66

გაბრიელ დეკმა 13 ქულა ჩააგდო, ფაკუნდო კამპაცომ – 12, ლუკა ვილდოზამ – 10, მათმა გუნდმა კი მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო და ჯამში ისე ითამაშა, გამარჯვებულის ვინაობა ეჭქვეშ არც დამდგარა.

ამგვარად, არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მესამედ გააღწია. სამხრეთამერიკელებმა 1950 წელს სწორედ მათთან გამართული ტურნირის გადამწყვეტ მატჩში აშშ-ს 64:50 სძლიეს, 2002-ში კი იუგოსლავიასთან ოვერტაიმში 75:92 დამარცხდნენ.

მიმდინარე მსოფლიოს პირველობის გადამწყვეტი მატჩი კვირას, 15 სექტემბერს, პეკინში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, იქვე მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს საფრანგეთი და ავსტრალია დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები