Thumbnail
  • 'ბორჯღალოსნებმა' 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება იზეიმეს
  • საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს ფიჯისთან ელის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. მილტონ ჰეიგის შეგირდები იაპონიის ქალაქ კუმაგაიაში ურუგვაის გაეჯიბრნენ, 33:7 მოიგეს და პირველად ტურნირის ისტორიაში ბონუს-ქულის აღებაც მოახერხეს.

📺 საქართველო - ურუგვაი 33:7

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრას გუნდები განსხვავებულ ხასიათზე შეხვდნენ. “ბორჯღალოსნებმა” პირველ ტურში D ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ უელსთან 14:43 წააგეს, “ლოს ტეროსმა” კი სენსაცია შემოგვთავაზა და ფიჯის 30:27 სძლია.

📋 მეტი ამ თემაზე: 

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკელებს თამაშისთვის მოსამზადებლად ქართველებზე 2 დღით ნაკლები ჰქონდათ, მათმა არგენტინელმა მწვრთნელმა ესტევან მენესესმა შემადგენლობაში მხოლოდ 2 ახალი მორაგბე ჩართო, მილტონ ჰეიგმა კი რაზმი ძირეულად გადაახალისა და და ერთბაშად 12 ცვლილება განახორციელა.

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

📸 | საქართველო V ურუგვაი

თამაშს ქართველთათვის ჩინებული სტარტი ჰქონდა. ურუგვაელების შეტევისას ბურთი სანდრო თოდუამ მოიპოვა, გელა აფრასიძემ ჩინებული მოძრაობებით ხაზი გაჭრა, იერიში თედო აბჟანდაძეს გააგრძელებინა, ოთია გიორგაძემაც წინ წაიწია და მეტოქემ ხუთმეტრიან ზოლში მხოლოდ წესების დარღვევით შეგვაჩერა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ საქართველოს ნაკრებმა შერკინება აირჩია, სამხრეთამერიკელები ერთბაშად 3-ჯერ დაჯარიმდნენ, ბოლოს კი ბურთი ხაზზე ჩათამაშდა, სადაც თოდუა ვეღარავინ შეაჩერა. თედო აბჟანდაძეს გარდასახვა გაუცუდდა და საინტერესოა, რომ ეს, მსოფლიო თასებზე ქართველთა პირველი გაცუდებული გარდასახვა იყო. მანამდე, "ბორჯღალოსნებს" მიჯრით 16 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ აქტივში.

📺 სანდრო თოდუას ლელო

მატჩი "ბორჯღალოსნების" უპირატესობით გაგრძელდა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა. ნახევარი საათის თავზე ზურაბ ძნელაძემ კარგი შეტევა წამოიწყო, ურუგვაიმ ბურთი უხეიროდ მოიგერია და ხელსაყრელ პოზიციაში შერკინება გვერგო. მეტოქე ისევ ჯარიმდებოდა, თუმცა, მისი გამოყენება აღარ დაგვჭირდა, რადგანაც ბურთი ოთარ გიორგაძემ (ის, მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს) აიტაცა და ის ლელოში გადადო. აბჟანდაძის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო.

📺 ოთარ გიორგაძის ლელო

სამწუხაროდ, საპასუხო ლელო მალევე მივიღეთ, რაც პირველ რიგში შალვა სუთიაშვილის შეცდომას მოჰყვა. მან მსაჯის შეგონება ყურად არ იღო, ოფსაიდიდან ითამაშა და "ლოს ტეროსი" ჯარიმით ჩვენს ოცდაორში შემოვიდა. აქ საქართველოს ნაკრებმა მცირე ხნით უელსთან თამაში გაგვახსენა, ურუგვაელებმა ხაზი უმარტივესი კომბინაციით გაჭრეს და ანდრეს ვილასეკამ დაგვალელოვა, გარდასახვა კი ფელიპე ვერჩესიმ შეასრულა - 12:7. 

📺 ანდრეს ვილასეკას ლელო

პირველი ტაიმის ბოლო წუთები ურუგვაელთა უპირატესობით წარიმართა. "ბორჯღალოსნების" რიგებში გარკვეული არეულობა შეინიშნებოდა, რასაც მეტოქის მცირე პროვოკაციებიც ხელს უწყობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში სამხრეთამერიკელებს ხურდა გურამ გოგიჩაშვილმა დაუბრუნა, თუმცა, ინგლისელმა არბიტრმა უეინ ბარნსმა ეპიზოდი სწორად განსაჯა და ქართველ ბურჯს ყვითელი ბარათი არ უჩვენა. "ლოს ტეროსს" სხვაობის შემცირების შანსიც ჰქონდა, თუმცა, ვერჩესის არცთუ იოლი ჯარიმა გაუცუდდა.

მე-2 ტაიმის ისეთივე სტარტი ჰქონდა, როგორც - პირველს. საქართველოს ნაკრებს მეტოქის 22-თან დერეფანი ერგო, აბჟანდაძემ ბურთი ოსტატურად გადაკიდა და ურუგვაიმ ბურთი ლელოს ხაზს მიღმა თავად დაამიწა, რაც ხუთმეტრიან ზოლში "ბორჯღალოსნების" შერკინებას ნიშნავდა. მეტოქე ამჯერადაც ვერ დაგვიდგა და დაჯარიმდა, თუმცა, ბურთი მოკლე ფრთაზე გავიდა და ლევან ჩილაჩავამ მისი დამიწება მოახერხა. აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა გაიტანა და საქართველო 19:7 დაწინაურდა.

📺 ლევან ჩილაჩავას ლელო

აღნიშნულმა ეპიზოდმა ქართველებს ახალი ენერგია შემატა, თამაში, ფაქტობრივად, სულ მეტოქის ნახევარზე მიდიოდა, რასაც "ბორჯღალოსნების" მე-4 და ბონუს-ქულის მომტანი ლელო მოჰყვა. ამ მომენტში ქართველთა ხელში ერთ-ერთმა მძლავრმა იარაღმა მოლმა გვახეირა. შეტევის პირველ ფაზაში ბურთი ფლანგზე ჩათამაშდა და ბოლო ეპიზოდში გიორგი კვესელაძეს ბურთი რომ დაეჭირა, ლელო გარდაუვალი ჩანდა... საბედნიეროდ, მსაჯი ჯარიმის უპირატესობით გვათამაშდება, ამდენად, მორიგ დერეფანს კიდევ ერთი მძლავრი მოლი და ამ კონკრეტულად შეხვედრაში ქართველთა კაპიტნის - ჯაბა ბრეგვაძის ლელო მოჰყვა. თედოს დარტყმა ზუსტი იყო - 26:7.

📺 ჯაბა ბრეგვაძის ლელო

მალევე, ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა და ამჯერად, "არაქართული" ლელო დავდეთ. ფლანგზე ბურთი რამდენჯერმე გავშალეთ, მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა, რითაც ბრეგვაძემ კარგად ისარგებლა და ბურთი ლელოს ხაზთან გადაკიდა. მეტოქემ უხეიროდ ითამაშა, ოვალის გაკონტროლება ვერ მოახერხა, გამოვარდნილი ბურთი კი ლელოში კვესელაძემ გადადო. აბჟანდაძის გარდასახვის კვალად ტაბლოზე 33:7 დაფიქსირდა.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

მატჩი დარჩენილ დროშიც ქართველთა უპირატესობით გაგრძელდა. ჩვენებურების დომინაცია იმდენად დიდი იყო, რომ ურუგვაი თავისი ნახევრიდანაც ვერ გადმოდიოდა. თამაშის ბოლოსკენ ფაკუნდო გატასი სუთიაშვილს მხრით დაეჯახა და წითელი ბარათი მიიღო, თუმცა, "ბორჯღალოსანთა" მორიგ სახიფათო იერიშს ლელო არ მოჰყოლია.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში 5 ქულა მოაგროვა და დროებით, ავსტრალიას და უელსს გაუთანაბრდა, რომლებიც დღესვე, ჩოფუში ითამაშებენ (შეხვედრა 11:45 საათზე დაიწყება).

"ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 3 ოქტომბერს, ოსაკაში, ფიჯისთან, ხოლო 11-ში – შიზუოკაში, ავსტრალიასთან. თავის მხრივ, ურუგვაელები “ვოლაბებს” 5 ოქტომბერს გაეჯიბრებიან, 13-ში კი – უელსს.

კომენტარები

ბოლო ამბები