Thumbnail
  • 191 ქვეყნიდან 141-ში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.
  • საინტერესო სტატისტიკა სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ.

საერთაშორისო სპორტის სტატისტიკის სამსახურმა უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის გამოვლენა გახლდათ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 191 ქვეყანაში და საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია, რომელიც დიდი უპირატესობით უსწრებს სხვა სახეობებს. 191 ქვეყნიდან ფეხბურთს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს 141 ქვეყანაში! 

მივყვეთ თანმიმდევრობით და გავიგოთ თუ რომელ ქვეყნებშია პოპულარული სპორტის სხვადასხვა სახეობები . . .

რაგბი (3 ქვეყანა)
ახალი ზელანდია, ფიჯი, პაპუა-ახალი გვინეა

რაგბი ახალი ზელანდიელების თამაშია. ყველაზე წარმატებული სარაგბო გუნდი, ოლ ბლექსი სპორტის ამ სახეობის მთავარი დესპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

რაგბი დიდი პოპულარობით სარგებლობს ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ყველაზე პოპულარული ნამდვილად არ არის. ავსტრალიაში ავსტრალიურ ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში ბევრისთვის მოულოდნელად, ხმების უმრავლესობა ფეხბურთმა მიიღო, მეორე ადგილზე კი კრიკეტი გავიდა - როგორც ჩანს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა თავისი საქმე გააკეთა...

ჰოკეი (3 ქვეყანა)
კანადა, ფინეთი, ლატვია

ყინულის ჰოკეი დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიურ ქვეყნებში. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე, სპორტის ეს სახეობა ყველაზე პოპულარული იყო შვედეთში, თუმცა დროთა განმავლობაში, ლიდერის პოზიცია ფეხბურთმა დაიკავა. თუმცა, დარჩა ერთი სკანდინავიური ქვეყანა, სადაც ჰოკეი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პირველობას და ეს ქვეყანა ფინეთია. 

ჰოკეის განსაკუთრებულად აფასებენ ლატვიაში, თუმცა სპორტის ეს სახეობა ყველაზე მეტად კანადასთან ასოცირდება; კანადა არის ის ქვეყანა, სადაც ჰოკეი უპირობო ლიდერია.

იყო დრო, როდესაც რუსეთში ჰოკეი ფეხბურთს უწევდა კონკურენციას, თუმცა ბოლო წლებში ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა - რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ფეხბურთმა დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ყინულის ჰოკეის.

კალათბურთი (3 ქვეყანა)
ლიტვა, ესტონეთი, ფილიპინები

კალათბურთი ამერიკასთან და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან ასოცირდება, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: აშშ-ში კალათბურთი პოპულარობით მხოლოდ მესამე ადგილზეა და ჩამორჩება როგორც ამერიკულ ფეხბურთს, ისე ბეისბოლს. სპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სახეობა ყველაზე პოპულარულია მხოლოდ 3 ქვეყანაში - აქედან ერთი რა თქმა უნდა ლიტვაა. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვართ ესტონეთსა და ფილიპინებზე... 

ბეისბოლი (7 ქვეყანა)
კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, იაპონია, ნიკარაგუა, პანამა, ტაივანი, ვენესუელა

ბეისბოლის დიდი კულტურაა ამერიკაში, თუმცა სპორტის ეს სახეობა პოპულარობით ამერიკულ ფეხბურთს ჩამორჩება. სამაგიეროდ, ბეისბოლი ლიდერია იაპონიაში. ამომავალი მზის ქვეყანაში, სპორტის ამ სახეობას დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. 

ბოლო წლებში, ფეხბურთმა იაპონიაშიც დიდი პროგრესი განიცადა და მიუახლოვდა ბეისბოლს, თუმცა ჯერ მაინც მეორე ადგილს იკავებს. ბეისბოლი დიდი პოპულარობით სარგებლობს ვენესუელაშიც - არადა, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ფეხბურთი აშკარა ფავორიტია.

კრიკეტი (9 ქვეყანა)
ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, გრენადა, გაიანა, ინდოეთი, იამაიკა, პაკისტანი, შრილანკა, ტრინიდადი

სპორტის ეს ეგზოტიკური სახეობა კარგად არის განვითარებული სამხრეთ აზიაში და განსაკუთრებით პოპულარულია ინდოეთში, შრილანკაში, ბანგლადეშსა და პაკისტანში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯამი მილიარდ-ნახევარს აღწევს. კრიკრეტი სპორტის ტრადიციულ სახეობად ითვლება ინგლისშიც, პოპულარობით რაგბის აღემატება და მხოლოდ ფეხბურთს ჩამორჩება.

ფეხბურთი (141 ქვეყანა)

იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, ძალიან შორს წაგვიყვანს. ფეხბურთი აშკარა ლიდერია ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. ფეხბურთის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს პროცესი თითქოს შეუქცევადია. შედეგად, სპორტის უპირველეს სახეობაში კოლოსალური ფული იდება - ფეხბურთი გახდა დიდი ინდუსტრია და ამავდროულად, უდიდესი სოციალური მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით...

არ არის გამოკვეთილი (20 ქვეყანა)

გამოკითხვის შედეგად, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა არ გამოვლინდა 20 ქვეყანაში. ხმები თანაბრად გადანაწილდა და სპორტის ვერც ერთმა სახეობამ მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა.

ამ ქვეყნების ჩამონათვალი: ანდორა, არუბა, ბაჰრეინი, ბერმუდა, ბრუნეი, კაბო ვერდე, კაიმანის კუნძულები, კომორის კუნძულები, კვიპროსი, ჰონგ კონგი, ლიხტენშტეინი, მალდივი, მალტა, მავრიკი, მონაკო, ახალი კალედონია, რეიუნიონი, სამოა, სოლომონის კუნძულები, ვანუატო.

სხვა (5 ქვეყანა)

არის კიდევ 5 ქვეყანა, სადაც სპორტის ის სახეობები ლიდერობენ, რომლებიც სხვა ქვეყნებში არ სარგებლობენ პოპულარობით. ამერიკაში ამერიკული ფეხბურთი, ავსტრალიაში ავსტრალიური ფეხბურთი, ირლანდიაში კი ირლანდიური, იგივე გაელიკური ფეხბურთი. მონღოლეთში ჭიდაობას ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, კამბოჯაში კი ფრენბურთს...

 

კომენტარები

ბოლო ამბები