Thumbnail

სტადიონები საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში - პოლონელის დაუჯერებელი მოგზაურობა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • პოლონელმა მეცნიერმა საქართველოში იმოგზაურა და 120-ზე მეტი სტადიონი მოინახულა
  • მარცინ ფასტინი საქართველოთი და ქართული ფეხბურთით 90-იან წლებში დაინტერესდა

მარცინ ფასტინი პოლონელი მეცნიერია, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს. Რაც ყველაზე საინტერესოა, ის დაინტერესებულია ქართული ფეხბურთით. მარცინმა საქართველოში იმოგზაურა და 120-ზე მეტი სტადიონი მოინახულა! ნანახი სტადიონებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და სწორედ ამით მიიქცია popsport.com-ის ყურადღება. რაც ყველაზე საინტერესოა, პოლონელი მეცნიერი ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა და მოინახულა სოხუმის, გაგრის, გალის, ბიჭვინთის, გულრიფშის, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და ახალი ათონის სტადიონები. მარცინ ფასტინს საქართველოში მოგზაურობის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით.  

popsport: გაგვაცანი თავი და გვითხარი, რას საქმიანობ?

ფასტინი: მე მარცინი ვარ, 36 წლის პოლონელი და ქალაქ ლოძში ვცხოვრობ. პროფესიით მეცნიერი ვარ და ვმუშაობ პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიაში. თუმცა, სხვა საქმინობითაც ვარ დაკავებული, რაც უკავშირდება ფეხბურთს და საქართველოს. ადრე სკაუტი ვიყავი და აგენტებთან ერთად ვმუშაობდი, თუმცა ამისთვის ვეღარ ვიცლი. მაქვს პროექტი: საერთაშორისო საფეხბურთო სტატისტიკა და თავისუფალ დროს, სწორედ ამ თემაზე ვმუშაობ. მაგალითად, ვცდილობ, მუდმივად განვაახლო და გავაუმჯობესო ინფორმაცია ქართული საფეხბურთო ლიგების შესახებ. მომავალში, მსურს დავწერო წიგნი საქართველოს ჩემპიონატების შესახებ - მოყოლებული 1989 წლიდან. თუმცა, ეს უფრო შორეულ მომავალში მოხდება.

📸 | სტადიონები, რომლების მარცინმა საქართველოს რეგიონებში მოინახულა

სტადიონები საქართველოში

თერჯოლის სტადიონი, რომელიც 2500 მაყურებელს იტევს. ამ მოედანზე საშინაო მატჩებს საპოვნელა ატარებდა.

სტადიონები საქართველოში

მევლუდ მიმინოშვილის სახელობის სტადიონი აბაშაში, რომელიც 1000-1500 მაყურებელს იტევს.

სტადიონები საქართველოში

ადიგენის ცენტრალური სტადიონი, რომელზეც ოდესღაც ადგილობრივი გუნდები: მექანიზატორი და ზარზმა თამაშობდნენ.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ამბროლაურში, რომელიც სკოლის ეზოში მდებარეობს. 1000-მდე გულშემატკივარს დაიტევს, მაგრამ ფეხბურთის ამდენი მოყვარული აქ ალბათ არასდროს უნახავთ.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ასპინძაში, რომელიც დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ერთ დროს, აქ გუნდი ვარძია თამაშობდა.

სტადიონები საქართველოში

აწყურის სტადიონის შესასვლელი. კიდევ ერთი მოედანი, სადაც დღეს ფეხბურთს აღარ თამაშობენ. გასული საუკუნის 70-იან წლებიდან მოყოლებული, აქ გუნდი სამცხე თამაშობდა, თუმცა დღეს აწყური ფეხბურთის გარეშეა დარჩენილი.

სტადიონები საქართველოში

მოედანი ახალდაბაში, სადაც დღეს ფეხბურთს მხოლოდ ბავშვები თამაშობენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში, აქ თამაშობდა გუნდი სახელად მეავეჯე.

სტადიონები საქართველოში

ახალქალაქის სტადიონი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აქ ფეხბურთს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში თამაშობდნენ. ადგილობრივ გუნდს ერთი პერიოდი სპარტაკი ერქვა, შემდეგ კი აბული დაარქვეს. 

სტადიონები საქართველოში

ახალციხის სტადიონზე დღეს მხოლოდ სამოყვარულო დონეზე თამაშობენ. თავის დროზე, აქ მესხეთი თამაშობდა, რომელმაც 1965 წელს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ბაღდათში, რომელიც რამდენიმე ასეულ გულშემატკივარს იტევს. ადგილობრივი გუნდი საირმე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა და დღემდე ამ სტადიონზე ასპარეზობს.

სტადიონები საქართველოში

ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონი ბირჯომში, რომელიც 3000 გულშემატკივარს იტევს. სხვადასხვა დროს, ამ სტადიონზე ორი გუნდი ატარებდა საშინაო მატჩებს: ბორჯომი და თორი.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი დიდ ჯიხაისში, რომელიც ჯერ კიდევ 1939 წელს აშენდა და მას რუსული სახელი: უროჟაი დაარქვეს. გასული საუკუნის 70-იან წლებში, აქ გუნდი ლელო თამაშობდა.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ვანში, სადაც საშინაო მატჩებს გუნდი სულორი ატარებს. მინდორი შედარებით კარგ მდგომარეობაშია, ტრიბუნები კი დაალოებით 300-400 გულშემატკივარს დაიტევს.

სტადიონები საქართველოში

ახალი სტადიონი ზუგდიდში, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გახსნილიყო, მაგრამ მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო, დღემდე დახურულია.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი, რომელიც ივანწმინდაში 2011 წელს გაიხსნა და 750 გულშემატკივარს იტევს. ამ მოედანზე საშინაო მატჩებს საჩხერის ჩიხურა ატარებს.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ლაგოდეხში, სადაც საშინაო მატჩებს ატარებს გუნდი სახელად ჰერეთი. დღეს, აქ მხოლოდ სამოყვარულო დონეზე შეიძლება თამაში.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი მარტვილში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს თამაშობდა გუნდი სალხინო. 90-იან წლებში, გუნდს ჭყონდიდი დაარქვეს, 2006-2007 წლების სეზონიდან კი აქ მერანი ასპარეზობს. 

სტადიონები საქართველოში

ნინოწმინდის გუნდის, ფარავანის საშინაო მოედანი. დღეს, აქ მხოლოდ სამოყვარულო დონეზე შეიძლება თამაში. 

სტადიონები საქართველოში

სტადიონი საჩხერეში, რომელსაც ჩიხურა მხოლოდ საწვრთნელი პროცესისთვის იყენებს. საჩხერული გუნდი ივანწმინდაში ასპარეზობს.

სტადიონები საქართველოში

სურამის სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაშია და აქ ფეხბურთის თამაში უბრალოდ შეუძლებელია. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამ მოედანზე გუნდი სურამი თამაშობდა.

სტადიონები საქართველოში

ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონი ტყიბულში, სადაც მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული მეშახტე ასპარეზობს. ერთ დროს, ძალიან კარგი სტადიონი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. 

სტადიონები საქართველოში

ყვარლის სტადიონი ციხესიმაგრეში. ამ არენაზე საშინაო მატჩებს გუნდი დურუჯი ატარებს. ყველაზე ორიგინალური სტადიონი საქართველოში.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ჩხოროწყუში. ამ მოედანზე თამაშობს გუნდი სამეგრელო, რომელიც 1980 წელს შეიქმნა და ერთი პერიოდი, იმედის სახელით ასპარეზობდა.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ცაგერში, რომელიც ორიგინალური ჭიშკრით გამოირჩევა. აქ თამაშობდა გუნდი ხვამლი, რომელიც 1980 წელს შეიქმნა, თუმცა 90-იან წლებში შეწყვიტა არსებობა.  

სტადიონები საქართველოში

სტადიონი წალენჯიხაში, სადაც საშინაო მატჩებს ადგილობრივი გუნდი სქური ატარებს, რომელიც საქართველოს ქვედა ლიგებში მოგზაურობს. 

სტადიონები საქართველოში

სტადიონი წყლტუბოში, რომელიც თავის დროზე 12 000 გულშემატკივარს იტევდა. სანამ ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დახურულია, სწორედ აქ ატარებს საშინაო მატჩებს ტორპედო.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ჭიათურაში, რომელიც 1964 წელს გაიხსნა და მაშინ, 11 000-ზე მეტ გულშემატკივარს იტევდა. დღეს, განსხვავებული ვითარებაა, ადგილობრივი გუნდი მაღაროელი და საქართველოს ქვედა ლიგებში მოგზაურობს.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ხარაგაულში, რომელიც წესით 2000 კაცს უნდა იტევდეს, მაგრამ 150-200 ინდივიდუალური სკამია დამონტაჟებული. აქ თამაშობს გუნდი სახელად ჩხერიმელა.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი მთიან აჭარაში, ხულოში. მინდვრის საფარი უკეთესის სურვილს ტოვებს. აქ თამაშობს გუნდი ხიხანი.

სტადიონები საქართველოში

სტადიონი ხობში, სადაც საშინაო მატჩებს ატარებს გუნდი სახელად კოლხეთი. თავის დროზე, სტადიონის ტრიბუნები 12 000 გულშემატკივარზე იყო გათვლილი.

popsport: როდის და რატომ დაინტერესდი ქართული ფეხბურთით?

ფასტინი: თუ სწორად მახსოვს, ქართული ფეხბურთით 90-იანი წლების დასაწყისში დავინტერესდი. პირველ რიგში, საქართველოთი დავინტერესდი, მათ შორის ფეხბურთითაც. მეორე მიზეზი ის არის, რომ იმ წლებში ქართველებს განსაკუთრებულად კარგი მოთამაშეები გყავდათ. მაგალითად, ძმები არველაძეები, ქინქლაძე, ქეცბაია...

popsport: საქართველოში იმოგზაურე და აქაური სტადიონები დაათვალიერე. რა იყო ამ იდეის ინსპირაცია?

ფასტინი: საქართველოში პირველი ვიზიტის დროს სტადიონების მონახულება არ იყო ჩემი მთავარი მიზანი. როგორც ტურისტი, ვათვალიერებდი სხვადასხვა ადგილებს და თუ სადმე ახლოს სტადიონი იყო, არც მას ვტოვებდი უყურადღებოდ. თავიდანვე დავინტერესდი იმ სტადიონებით, სადაც ქართული გუნდები თამაშობდნენ. ადრე, ამის შესახებ მხოლოდ ვკითხულობდი და სურვილი გამიჩნდა, ეს გარემო საკუთარი თვალით მენახა. როდესაც საქართველოს კიდევ ერთხელ ვეწვიე, გამიჩნდა სურვილი, მენახა უფრო მეტი სტადიონი და უკეთ გამეცნო ადგილობრივი საფეხბურთო ისტორია.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის მაინც ძველი, საბჭოთა პერიოდში აშენებული მოედნებია. თანამედროვე არენები კი ერთმანეთს ჰგავს...

popsport: სულ რამდენი სტადიონი მოინახულე და რომელი იყო ყველაზე საინტერესო?

ფასტინი: თუ სწორად მახსოვს, ამ დროისთვის დაახლოებით 120-ზე მეტი სტადიონი და მოედანი ვნახე. კიდევ ბევრი მაქვს სანახავი. ვაფასებ თანამედროვე, მოდერნიზებულ სტადიონებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჩემთვის მაინც ძველი, საბჭოთა პერიოდში აშენებული მოედნებია. მათი არქიტექტურა განსხვავებული და საინტერესოა, თანამედროვე არენები კი ერთმანეთს ჰგავს. ჩამოგითვლით ყველაზე უნიკალურ ქართულ სტადიონებს, თუმცა გახსოვდეთ რომ ყველა ჯერ კიდევ არ მაქვს ნანახი:

📌 ყვარელი - სტადიონი ციხესიმაგრეში.
📌 ვანი - წყლით და ქვაბულებით გარშემორტყმული სტადიონი.
📌 ჭიათურა - სტადიონი ორიგინალური გადახურვით.
📌 ახალციხე - სტადიონი ორიგინალური ტრიბუნებით.
📌 ხობი -  სტადიონი ფერადი ტრიბუნებით და შთამბეჭდავი რკალით.
📌 თერჯოლა - VIP სექტორი ტყავის სავარძლებით და ხის კედლებით.
📌 დიდი ჯიხაიში - სტადიონის შესასვლელთან სპორტსმენების ძველი სტილის ფიგურები.
📌 ხარაგაული - VIP სექტორი, რომელიც ნაგებობის სახურავზე მდებარეობს.
📌 ტყიბული - ქვით ნაკეთი, შთამბეჭდავი და დიდი სტადიონი.

popsport: ოკუპირებულ აფხაზეთშიც იყავი. გაგვიზიარე შთაბეჭდილებები. რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ფასტინი: აფხაზეთი რთული საკითხია. პოლიტიკას და ისტორიას გვერდს ავუვლი, რადგან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცი და შეფასებისას ობიექტური ვერ ვიქნები. ამიტომ, მხოლოდ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. აფხაზეთში წასვლა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველ რიგში, ვგრძნობ, რომ შეუძლებელია, საქართველოს მთლიანად აღქმა აფხაზეთის რეგიონის გარეშე. ასევე, მინდოდა მომეყოლა ჩემი ქართველი მეგობრებისთვის თუ როგორ გამოიყურება დღეს აფხაზეთი.

ასე გამოიყურება გულრიფშის სტადიონი

აფხაზეთში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დავრჩი. ხალხი იქ ისეთივე მეგობრულია, როგორც დანარჩენ საქართველოში. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია, თუმცა მტრობის ნიშნები ვერ შევამჩნიე. არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ ჯობდა, აფხაზეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილიყო და არა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი მივიწყებული ტერიტორია. რაც შეეხება ფეხბურთს - იქაც არაერთი ძალიან საინტერესო სტადიონი ვნახე.

📸 | სტადიონები, რომლების მარცინმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოინახულა

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

სტადიონი გალში. მინდორი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ დანარჩენი გაპარტახებულია. საბჭოთა კავშირის დროს, აქ მინიმუმ 4 გუნდი თამაშობდა: აერო, მზიური, ალიონი და სამურზაყანო.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

მოედანი ახალ ათონში, რომელიც ასევე გამოირჩევა მწვანე მინდვრის საფარით. ადგილობრივი გუნდი სკ აფონი არაღიარებული აფხაზეთის ჩემპიონატში თამაშობს.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

სტადიონი ბიჭვინთაში, სადაც არაღიარებული აფხაზეთის ჩემპიონატში თამაშობს გუნდი კიარაზი. 1997 წელს, საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდა გუნდი ბიჭვინთის ბაია, თუმცა მალევე შეწყვიტა არსებობა.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

სტადიონი გაგრაში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს თამაშობდა ორი გუნდი: ტორპედო, რომელსაც შემდეგ დინამო დაერქვა და კოლმეურნე. დღეს, გუნდი გაგრა საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობს, 2011 წელს კი საქართველოს თასი მოიგო.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

გულრიფშის სტადიონი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. საბჭოთა კავშირის დროს, აქ თამაშობდა გუნდი სახელად კოლმეურნე. საქართველოს ჩემპიონატის ქვედა ლიგებში პერიოდულად თამაშობდა გუნდი გულრიფშის კოლხი.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

სტადიონი ოჩამჩირეში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს თამაშობდა გუნდი ამირანი. ამავე სახელწოდების გუნდი 1990-1992 წლებში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოჩნდა, შემდეგ კი შეწყვიტა არსებობა. 1999-2001 წლებში გუნდი აღადგინეს, თუმცა ისევ დაიშალა.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

სტადიონი ტყვარჩელში, სადაც სანჭოთა პერიოდში თამაშობდა გუნდი მეშახტე. 90-იან წლებში, გუნდს ლაშკინდარი დაარქვეს და ამ სახელით ჩაება საქართველოს ჩემპიონატში, თუმცა მალევე შეწყვიტა არსებობა. არაღიარებული აფხაზეთის ჩემპიონატში თამაშობს გუნდი შახტიორი.

სტადიონები ოკუპირებულ აფხაზეთში

სტადიონი სოხუმში, რომელიც 2015 წელს ააშენეს. არენა 4500 მაყურებელს იტევს. სწორედ ამ მოედანზე ტარდება არაღიარებული აფხაზეთის ჩემპიონატის მატჩების უმეტესობა.

popsport: საქართველოში ჩამოსვლას ალბათ კიდევ არაერთხელ გეგმავ...

ფასტინი: უკვე 4-ჯერ ვიყავი საქართველოში და რა თქმა უნდა, კიდევ ჩამოვალ. ძირითადად, ეს ჩემი ჰობი და სიამოვნებაა, მაგრამ ვინ იცის, მომავალში შეიძლება მოგზაურობამ უფრო სერიოზული სახე მიიღოს.

კომენტარები

ბოლო ამბები