Thumbnail
  • ქართველი მოჭადრაკეები მხოლოდ რუსეთს ჩამორჩნენ
  • საქართველოს ნაკრების წევრებს არაერთი ინდივიდუალური ჯილდო ერგოთ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბათუმში დასრულებულ ევროპის გუნდური ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი შვეიცარიული სისტემით წარიმართა, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ნანა ძაგნიძე (2502), ლელა ჯავახიშვილი (2457), ბელა ხოტენაშვილი (2446), მერი არაბიძე (2398) და სალომე მელია (2380) იცავდნენ.

ქართველმა მოჭადრაკეებმა 7 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთადერთხელ დამარცხდნენ, ისიც, რუსეთის ნაკრებთან, რომელმაც 16 ქულით პირველობა არავის დაუთმო. საქართველო ჩემპიონს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა, ბრინჯაოს მედლები კი 14 ქულით აზერბაიჯანმა დაიკავა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ 9 პარტიაში 7 ქულა მოაგროვა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე, არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ნანა ძაგნიძემ პირველ დაფაზე პირველობა არავის დაუთმო
📷 | საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე ასევე საუკეთესო იყო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მერი არაბიძე, მესამე ინდივიდუალურ დაფაზე კი ბრინჯაოს მედალი ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვა.

საქართველოს ქალთა მე-2 ნაკრები, რომელშიც ნინო ბაციაშვილი (2422), ნინო ხომერიკი (2315), სოფიკო ხუხაშვილი (2341), სოფიო გვეტაძე (2297) და მირანდა მიქაძე (2279) ირიცხებოდნენ, 10 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა.

მონაწილეობა მიიღო და 8 ქულით 22-ე შედეგი დააფიქსირა საქართველოს მე-3 ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით: ლილე ქორიძე (1988), ეკატერინე ფიფია (1935), თამარ ესაძე (1885), ნია დონღვანი (1903), დიანა ლომაია (1861).

ვაჟთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ივან ჩეპარინოვი (2670), ბაადურ ჯობავა (2617), ლევან ფანცულაია (2603), ლუკა პაიჭაძე (2574) და გიგა ყუფარაძე (2457) იცავდნენ, 10 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. ამასთან, ჩეპარინოვმა 9 ტურში 6.5 ქულა მიითვალა და ინდივიდუალურ მეორე დაფაზე მესამე საპრიზო პოზიცია დაიკავა.

8 ქულით 28-ე საფეხური ერგო საქართველოს მე-2 ნაკრებს, რომელშიც ნოე თუთისანი (2412), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441), ნიკოლოზ კაჭარავა (2428), გიორგი სიბაშვილი (2382), ლუკა ობოლაძე (2336) ირიცხებოდნენ.

ვაჟებში 15 ქულით ოქროს მედლები რუსეთმა მოიპოვა, მეორე-მესამე ადგილები კი, შესაბამისად, უკრაინამ და ინგლისმა გაინაწილეს, რომელთა აქტივშიც 14-14 ქულა გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები