Thumbnail

დიაგნოზი დასმულია | ფაქტები და ვარაუდები ნეიმარის გამოჯანმრთელების ვადებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რამდენი ხანი უცდებოდათ მსგავსი ტრავმის დროს სხვა ფეხბურთელებს.
  • ნეიმარის მამის არცთუ დამაიმედებელი კომენტარი.
  • რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ნეიმარის დას.

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის ნეიმარის ტრავმასთან და მის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით საუბარი და ვარაუდები არ წყდება. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც პარიზული კლუბის საიტი ავრცელებს, ბრაზილიელ ფეხბურთელს მარჯვენა ტერფის სახსრის დაჭიმულობა და ტერფის მეხუთე ძვალი გაბზარული აქვს. 

ბრაზილიელმა კოჭის დაზიანება 25 თებერვალს, მარსელის ოლიმპიკთან საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში (3:0) მიიღო. ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

დიაგნოზი დასმულია, თუმცა მთავარი საკითხი ისაა, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა ნეიმარს.

მაგალითად, მსგავის ტრავმები თავის დროზე მარსელოს, ტონი კროსსა და ჩაბი ალონსოსაც ჰქონდათ და მათ რამდენიმე კვირა გაუცდათ. თუკი ნეიმარის გამოჯანმრთელებასაც ამდენი დრო დასჭირდება, მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში (6 მარტს) მის გამოჩენას ნამდვილად არ უნდა ველოდეთ. 

მაგრამ გამონაკლისები აქაც არსებობს. მაგალითად, ვალენსიის ნახევარმცველმა გონსალო გედეშმა, რომელსაც სწორედ ტერფის მეხუთე ძვალზე ჰქონდა ბზარი, ბარსელონასთან სრულად ითამაშა. 

დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ნეიმარი გამოტოვებს საფრანგეთის თასის მატჩს მარსელთან და ლიგა 1-ის შეხვედრას ტრუასთან. 

L'Equipe კი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი რეალთან თამაშს მაინც შეძლებს. 

► ოპერაცია და ორი თვე უქმობა - ყველაზე ცუდი პროგნოზი ნეიმარისთვის

პსჟ-ის ფორვარდის ტრავმაზე კომენტარი მამამისმა, უფროსმა ნეიმარმაც გააკეთა:

"პსჟ-ში უკვე იციან, რომ მომავალ მატჩებში ნეიმარის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მინიმუმ, ექვსი კვირა გაუცდება. ამ ტრავმის მკურნალობას, როგორც წესი, ექვსი-რვა კვირა სჭირდება. რეალთან თამაში? სავარაუდოდ, ნეიმარი ამ მატჩს გამოტოვებს. სხვაზე ფიქრი აბსურდი იქნებოდა", - აქვეყნებს უფროსი ნეიმარის სიტყვებს ESPN.

და კიდევ, საინტერესო დამთხვევა ნეიმარისა და მისი დის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 11 მარტს აღინიშნება.

ტრავმის მიღებამდე, ნეიმარმა 30 მატჩის ჩატარება, 29 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის შესრულება მოასწრო.

ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პსჟ-მა ზაფხულში ბარსელონას მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაუხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები