Thumbnail

5 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ევროპის თასზე – ხუთ ჩემპიონს შორის 1 გოგონაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული ფინალი დღესაც ორ წონით კატეგორიაში ვიხილეთ
  • კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა თურქულ ანტალიაში გამართული ევროპის თასი 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით და მე-2 გუნდური ადგილით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ანტალიის ტურნირის პირველ დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა 6 მედალი მოიპოვეს, მე-2 დღე კი, უფრო ბარაქიანი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ 5 ჩემპიონიდან 1 გოგონა გახლდათ და თავდაპირველად მასზე ვთქვათ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.) ავიდა, რომელმაც საჩემპიონო გზაზე ოთხივე მეტოქეს იპონით აჯობა.

გუშინდელის მსგავსად, 2 ქართული ფინალი ჩატარდა ვაჟებს შორის. 73 კგ-მდე წონით კატეგორიის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჯუმბერ მელაძემ გიორგი თეთრაშვილს აჯობა, ბრინჯაოს მედალი კი ალექსანდრე ლოლაძემ მოიპოვა.

90 კგ-ის ფინალში მიხეილ ჯაფარიძემ არჩილ მამულაშვილი დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაშიც, თუმცა, გიორგი მარმალიძემ რუს კურბან კურბანოვთან წააგო.

ქართულ დელეგაციას კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი უჩა ტაბატაძემ (+90 კგ.) შესძინა, რომელმაც აზერბაიჯანელი ატაბაბა ნიფტალიევი დაჯაბნა.

როგორც აღვნიშნეთ, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-2 იყო და მხოლოდ მასპინძელ თურქეთს (6 ოქრო, 3 ვერცხლი, 13 ბრინჯაო) ჩამორჩა, ვაჟებს შორის კი, ჩვენს გუნდს სერიოზული კონკურენტი არ ჰყოლია – საქართველო (4 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო), თურქეთი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 6 ბრინჯაო).

კომენტარები

ბოლო ამბები