Thumbnail

დევისის თასი | საქართველო დამარცხდა, ესტონეთი პლეი ოფში ითამაშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზურა ტყემალაძე 3:6, 6:2, 5:7 კრისტიან ტამი 
  • საერთო ანგარიში ესტონელთა სასარგებლოდ 3:1 გახდა
  • საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა 

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო I ჯგუფში დაწინაურების შანსი დაკარგა. მზიურის კორტებზე, მსოფლიო ჯგუფი II-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში, ქართველმა ჩოგბურთელებმა ესტონელებთან მეოთხე მატჩი წააგეს, საერთო ანგარიშში 1:3 ჩამორჩნენ და პლეი ოფის მეორე რაუნდში თამაშის შანსი დაკარგეს.  

შესაბამისად, საქართველოს და ესტონეთის მეხუთე შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთის პირიპირ ნიკოლოზ დავლიანიძე და დანიილ გლინკა წარსდგებიან, სპორტული მნიშვნელობა დაკარგა. 

მეოთხე შეხვედრაში კორტზე გასვლა ვერ შეძლო საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27-ე მსოფლიო რეიტინგში), კრისტიან ტამს (729-ე) კი ურეიტინგო ზურა ტყემალაძე დაუპირისპირდა. პირველი წაგებული სეტი შემდეგ ზურამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, გადამწყვეტ სეტშიც ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. 

შეხვედრა საათსა და 52 წუთს გაგრძელდა. ტყემალაძემ 4 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ზურამ პირველ მოწოდებაზე გათამაშების 79% (47-იდან 37) მოიგო, მეორეზე კი 44% (36-იდან 16). ტამის ანგარიშზე 8 ეისი და 2 ორმაგი შეცდომაა.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს გამართულ პირველ დაპირისპირებაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვს 6:4, 6:1 სძლია, მეორე მატჩში კი ალექსანდრე მეტრეველმა კრისტიან ტამთან 4:6, 6:4, 3:6 წააგო. შაბათს წყვილთა შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ ვლადიმირ ივანოვსა და მატიას სიიმარს ვერ აჯობეს - 6:3, 3:6, 3:6.

კომენტარები

ბოლო ამბები