Thumbnail

შვეიცარიულმა Bluewin-მა ზუსტად 1 წლის წინ თბილისში გამართული მატჩი გაიხსენა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიას დაუხვდა და მოედანზე კინაღამ ტრაგედია დატრიალდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 მარტს, ვლადიმირ ვაისის შეგირდები დინამო არენაზე ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩს ატარებდნენ (თამაში 0:2 დასრულდა).

შვეიცარიასთან შეხვედრის 23-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კუთხურის შემდეგ ჯიმი ტაბიძე და ნიუკასლის მცველი ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეასკდნენ.

ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს საჰაერო ორთაბრძოლისას შეასკდნენ

მსაჯს თამაშის შეწყვეტა რამდენიმე წამით შეაგვიანდა, ფეხბურთელები კი მალევე მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად იყო და მყის განგაში ატეხეს.

სიტუაციაში ყველაზე უკეთ ჯანო ანანიძე გაერკვა, რომელმაც შერთან მიირბინა და გონებადაკარგულ მეტოქეს ენა დაუჭირა, რისი წყალობითაც, ის უფრო მძიმე განსაცდელს გადაარჩინა.

მალევე მინდორზე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და დაშავებულთა წამლობამ არცთუ მცირე დრო წაიღო.

ტაბიძეს თავი ბინტით შეუხვიეს და თამაში ასე გააგრძელა.

ქართველ ფეხბურთელს თავი ბინტით შეუხვიეს

მინდორზე დაბრუნდა შერიც, თუმცა, შვეიცარიაში დღემდე საუბრობენ, რომ ექიმებმა მაშინ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს და ფეხბურთელის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.

მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ამას ფაბიანის შემდგომი სიტყვებიც ადასტურებს.

“იმ კადრებს ბევრჯერ ვუყურე და ყოველი ნახვისას შიში მიპყრობს ხოლმე. მართალი გითხრათ, არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამი ნოკდაუნში ვიყავი. მერე ტკივილებიც საკმაო ხანს მაწუხებდა”.

მაშინ, შერის მინდორზე დაბრუნების გადაწყვეტილება შვეიცარიის ნაკრების მთავარმა ექიმმა დამიან მელიმ მიიღო, რისთვისაც მას ამ დრომდე აკრიტიკებენ.

ექიმს თავის გასამართლებლად ის ფაქტი მოჰყავს, რომ მაშინ ფეხბურთელს არანაირი გვერდითი სიმპტომები არ ჰქონია.

“ალბათ, გესმით, რომ ყოველი სიტუაციისთვის შესაბამისი ინსტრუქციები გვაქვს. როდესაც შარი გონს მოვიდა, ამგვარი მომენტისთვის საჭირო პროცედურები გავიარეთ.

ფაბიანს შესაბამისი კითხვები დავუსვით. მაგალითად, ვკითხეთ, თუ სად ვიმყოფებდოით. გვითხრა, საქართველოში ვართ, თბილისშიო.

საერთო ჯამში, ტრავმის მიღებიდან მინდორზე დაბრუნებამდე ათ წუთზე მეტი გავიდა. ვფიქრობ, საჭირო დრო იყო იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გამოგვეტანა”.

შვეიცარიელ მცველს ათ წუთზე მეტხან წამლობდნენ

შვეიცარიელთა ექიმი იხტიბარს კი არ იტეხს, თუმცა, სავარაუდოა, რომ თავის გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნებული თავადაც არ იყო.

საქმე ის გახლავთ, რომ თბილისური მატჩიდან 3 დღის თავზე, როდესაც შვეიცარიელები ბაზელში დანიას დაუხვდნენ და 3:3 ითამაშეს, შერი არათუ მინდორზე, განაცხადშიც კი არ ყოფილა.

საინტერესოა, რომ დინამო არენაზე მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება უეფამაც დაიწყო (უნდოდათ, გამოეკვლიათ, ნაკრების ინტერესი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე წინ ხომ არ დააყენეს), თუმცა, საქმე ამაზე შორს არ წასულა...

კომენტარები

ბოლო ამბები