Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადა რიგით მე-9 თამაშები უნდა ყოფილიყო ტყვიის სროლაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ევროპის პირველობის არაერთგზის გამარჯვებულ ნინო სალუქვაძისთვის.

ამ მხრივ, ის საქართველოში აქამდეც ხომ რეკორდსმენი იყო, ახლა კი, სროლის სახეობებში მსოფლიოს მასშტაბითაც რეკორდის თანაავტორი გახდება, თუმცა იქ მონაწილეობა ერთი წლით გადაედო.

მოგეხსენებათ, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, XXXII ოლიმპიური თამაშები 2020-ის ნაცვლად, 2021 წელს ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სალუქვაძემ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ასეთ რამეს არავინ ელოდა და ამდენად, არც რაიმე გამოცდილება არა აქვს არავის. ამიტომ უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს და ის გავაკეთოთ, რაც საჭიროა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. პირიქით – ვამბობდით, რომ ორი თვით გადადებას აჯობებდა, ერთი წლით გადაედოთ, როცა უსაფრთხოება უფრო უკეთ იქნება დაცული.

ისე, მე ისიც სულ მიკვირდა, თამაშები წლეულს რატომ დანიშნეს ორი თვით ადრე – წინა ოლიმპიადები დაახლოებით სექტემბრის ბოლოს იყო ხოლმე, ახლა კი ივლისის ბოლოს იწყებოდა. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწია მოსამზადებელი პერიოდის ორი თვით გადმოწევა.

ცხადია, ბევრი ხარჯი და ენერგია გავწიეთ იმისთვის, რომ ივლისისთვის შევსულიყავით ფორმაში, მაგრამ ასეთი სიტუაციის ფონზე რას ვიზამთ – ყველანი უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს, რაც საჭიროა”.

კომენტარები

ბოლო ამბები