Thumbnail

ფათიჰ თერიმი კლინიკიდან გაწერეს - გალას მწვრთნელმა კორონავირუსი დაამარცხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

გალათასარაის მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი, რომელიც ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოხვდა, სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე  გამოწერეს. ამის შესახებ თურქული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 

66 წლის თურქი სპეციალისტის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი ერთი კვირის წინ, 23 მარტს აჩვენა და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდა.

ამჟამად თერიმი თავს კარგად გრძნობს, მკურნალობას კი საკუთარ სახლში გააგრძელებს. მწვრთნელი შინ 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს. 

ფათიჰ თერიმი თურქული ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელია. მან თურქეთის ნაკრები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გაიყვანა. თერიმი 2017 წელს გალათასარაის მეოთხედ ჩაუდგა სათავეში, 2000 წელს კი გუნდს უეფას თასი მოაგებინა.

30 მარტის მონაცემებით, თურქეთში საშიში ვირუსული ინფექციის 9 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 131 ადამიანი, ხოლო 105 გამოჯანმრთელდა.

თურქეთის სუპერლიგა გაჩერებულია. 26 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 53-53 ქულით ტრაბზონსფორი და ბაშაკშეჰირი ლიდერობენ, გალათასარაი 50 ქულით მესამე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები