Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ვირტუალურ მაიამი ოუფენზე ‘ითამაშებს’
  • შეჯიბრის გამარჯვებული ქომაგების ხმების მიხედვით გამოვლინდება

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო უქმობის ჟამს ვირტუალური ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა და მონაწილეთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიც შეიყვანა.

საუბარია მაიამის მასტერსზე, რომელიც რეალურად 25 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში უნდა გამართულიყო, ახლა კი, მხოლოდ სოციალურ ქსელში შედგება და მის გამარჯვებულს ქომაგები ხმის მიცემის საშუალებით გაარკვევენ.

ATP-მ სატურნირო ბადეში 64 ჩოგბურთელი დაუშვა, რომელთა ნახევარი "მაიამი ოუფენის" უწინდელი გამარჯვებულები და უბრალოდ, წარსულის ვარსკვლავები არიან.

დანარჩენი 32 მოთამაშე უკვე მოქმედი რეიტინგის მიხედვით შეირჩა და ამგვარად, შეჯიბრში მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ბასილაშვილიც მოხვდა, რომელსაც განთესვაც შესაბამისი აქვს.

ქართველი ჩოგბურთელი ვირტუალური ბადის ქვედა ნახევარში აღმოჩნდა და საწყის რაუნდში ესპანელ დავიდ ფერერს “ეთამაშება”.

ამ უკანასკნელმა, რომელიც 2013 წლის აგვისტოში მსოფლიოს მე-3 ჩოგანიც კი იყო, კარიერა გასულ წელს დაასრულა.

თუკი ნიკოლოზი ფერერს გასცდა, გაჯიბრება ესპანელ რაფაელ ნადალსა და ლეგენდარულ შვედ ჩოგბურთელ მატს ვილანდერს შორის უმჯობესთან მოუწევს.

წარსულის სხვა ვარსკვლავებიდან ტურნირზე “მიწვეულები” არიან ანდრე აგასი, ბორის ბეკერი, ბიორნ ბორგი, ჯონ მაკინროი, ჯიმ კურიე, ჯიმი კონორსი, ტომას მუსტერი, ენდი როდიკი და სხვები.

შეჯიბრმა სტარტი უკვე აიღო, ხოლო თუ ვის შეარჩევენ ჩოგბურთის ქომაგები ტურნირის გამარჯვებულად, მომავალ ორშაბათს გვეცოდინება.

კომენტარები

ბოლო ამბები