Thumbnail

ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა – პლიუს 15 და წინსვლა რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ სოლიდური წინსვლა განიცადა მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) განაახლა.

ძაგნიძეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული გრან პრის მე-3 ეტაპზე გამარჯვება დაუფასდა.

შეგახსენებთ, რომ ნანამ აღნიშნულ ტურნირზე უძლიერეს მეტოქეებს აჯობა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ საკუთარ ელო-რეიტინგს ერთბაშად 15 პუნქტი შემატა, რაც ასეთ დონეზე საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

ძაგნიძეს რეიტინგი 2524-ს გაუტოლდა და მან მე-11 ადგილიდან მე-8-ზე გადაინაცვლა.

ნანას გარდა, ქალთა საუკეთესო ასეულში შემდეგი ქართველი მოჭადრაკეები მოხვდნენ: 17. ლელა ჯავახიშვილი (2475), 25. ბელა ხოტენაშვილი (2458), 26. ნინო ბაციაშვილი (2457), 38. მერი არაბიძე (2428), 92. სალომე მელია (2370).

კლასიფიკაციის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: 1. იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2658), 2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2586), 3. ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2582), 4. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი, 2560), 5. კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2546), 6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2544), 7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535), 8. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2524), 9. დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 2515), 10. ჟონგი ტანი (ჩინეთი, 2510).

ვაჟთა რეიტინგის მოწინავე ასეულში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს: ექს-ბულგარელი ივან ჩეპარინოვი 2686 პუნქტით 45-ე ადგილზეა, რაც მის მარტის მაჩვენებელს 1 პოზიციით ჩამორჩება.

საუკეთესო ათეული ასე გახლავთ დაკომპლექტებული: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2862), 2. ფაბიანო კარუანა (აშშ, 2842), 3. ლირენ დინი (ჩინეთი, 2805), 4. ალექსანდერ გრიშჩუკი (რუსეთი, 2777), 5. იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2774), 6. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2773), 7. ვესლი სო (აშშ, 2770), 8. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2767), 9. ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2765), 10. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2764).

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები