Thumbnail

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ახალი ვადების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ზაფხულის XXXII ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, რისი მიზეზიც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსია.

ქართველი ტყვიის მსროლელისთვის ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მე-9 იქნება, რაც ფენომენალური შედეგია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა სალუქვაძემ კომენტარი საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა.

“თამაშების გამართვის ვადები იგივე დარჩა – ივლის-აგვისტოს მიჯნა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ოლიმპიადა ერთი წლით გვიან გაიმართება.

რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის რთულია, ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნო ფორმა, ისევ შეხვიდე ფორმაში...

სპორტის ყველა სახეობას მზადების საკუთარი სისტემა აქვს. მის მიხედვითაც ვარჯიშობენ და მონაწილეობენ საერთაშორისო შეჯიბრებებში, რათა სპორტული ფორმის პიკზე მივიდნენ იმ მთავარ ტურნირამდე, რასაც ოლიმპიური თამაშები ჰქვია.

თუმცა, ახლა გამოუვალი მდგომარეობაა, რასაც ყველა გაგებით ეკიდება, მათ შორის – მეც. ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ერთი წელიწადი ჩავარდნა არ გვქონდეს და არ მოვდუნდეთ.

ამიტომ ვაგრძელებთ ინტენსიურად ვარჯიშს. ადრე თუ გვიან, ეს პანდემია დასრულდება, ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას, ვარჯიშსა და ტურნირებში მონაწილეობას.

იოლი არაა მთელი წელიწადი სპორტული ფორმის შენარჩუნება. ამისთვის ხომ ოთხი წელიწადი ემზადები და ძალებს ანაწილებ. რთულია, შეისვენო ერთი წელიწადი და ისევ დაიბრუნო ის ფორმა.

თუმცა გვესმის, რომ ეს უპრეცედენტო ვითარებაა, გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და უნდა გავუძლოთ.

მით უფრო, ეს ყველას ეხება და არა მარტო ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. ამიტომ ყველა ერთნაირ პირობებში იქნება”.

კომენტარები

ბოლო ამბები