Thumbnail

დალგლიშიც ინფიცირებულია – ლეგენდარულ ლივერპულელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლივერპულის ლეგენდარული ფეხბურთელი და შემდგომში მწვრთნელი კენი დალგლიში კორონავირუსით დაავადდა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

69 წლის შოტლანდიელი საავადმყოფოში ჯერ კიდევ 8 აპრილს მიიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მას COVID 19-ის ნიშნები არ ჰქონდა, თუმცა, სინჯი მაინც აუღეს, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

ირკვევა, რომ კლინიკაში მისვლამდე დალგლიში თვითიზოლაციის წესებს იცავდა, ამდენად, იმედი აქვთ, რომ ვირუსი მისი ოჯახის სხვა წევრებს არ დაუდასტურდებათ.

კენი ლივერპულის ღირსებას 1977-1990 წლებში იცავდა, მწვრთნელის რანგში კი, 1985-1991 და 2011-2012 წლებში მუშაობდა.

დალგლიშს ლივერპულში ინგლისის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონთა თასზე 3-ჯერ უმარჯვია და ევროპის სუპერთასიც აქვს აწეული.

მწვრთნელის რანგში კენის ინგლისის ჩემპიონობა 3-ჯერ აქვს მოპოვებული და წლის საუკეთესო მწვრთნელადაც ამდენჯერვე არის დასახელებული.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 73 758 ადამიანია ინფიცირებული, 8 958 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები