Thumbnail

Daily Mail მორიგ ინფორმაციას ავრცელებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის თარიღთან დაკავშირებით. ბრიტანული ტაბლოიდის პროგნოზი არცისე ოპტიმისტურია - ევროს პლეი ოფი ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება, შესაძლოა, უმაყურებლოდ...

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები კვლავ ელიან, როდის გაიმართება ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება - ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალი ბელარუსის ნაკრებთან. ეს მატჩი თბილისში უნდა ჩატარდეს, ვლადიმის ვაისის გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ნაკრები ისევ თბილისში ითამაშებს ფინალს და თუ კვლავ გაიმარჯვებს, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ყველაფერი არია - მათ შორის ევრო 2020-იც, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. რაც შეეხება პლეი ოფს, სადაც ევროს დარჩენილი 4 საგზურისთვის 16 ნაკრები იბრძვის (მათ შორის საქართველოც), ჯერ 26 მარტს უნდა დაწყებულიყო, შემდეგ თარიღმა 4 ივნისისთვის გადაიწია, შემდეგ (სავარაუდოდ) სექტემბრისთვის.

Daily Mail-მა შეიტყო, რომ სექტემბერი 16 მონაწილიდან უმეტესობას არ აწყობს. ნაკრებებს არ სურთ, რომ ამხელა პაუზის შემდეგ პირველივე თამაში პლეი ოფის ნახევარფინალი იყოს და ამას თავისი ლოგიკა მართლაც აქვს.

განსაკუთრებით, ბრიტანეთის კუნძულების წარმომადგენლები აქტიურობენ - შოტლანდია, ირლანდია და ჩრდილო ირლანდია. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ამ დროს, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე შემოტევა დაიწყოს და ამის გამო, მატჩების გამართვა ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწიოთ. უეფას ახალი გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც, ევროს პლეი ოფი ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება.

სავარაუდოდ, ნახევარფინალები 8 ოქტომბერს გაიმართება, ფინალებამდე კი გუნდებს მოცდა მოუწევთ - 6 ან 7 ნოემბრამდე. არადა, პირვანდელი ფორმატით ნახევარფინალსა და ფინალს შორის 4-დღიანი პაუზა იყო გათვალისწინებული.

ევრო 2020-ის პლეი ოფის მონაწილეები

შეგახსენებთ, რომ საქართველო D გზიდან აპირებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში ვაისის გუნდის მეტოქე ან ჩრდილო მაკედონია იქნება, ან კოსოვო.

კორონავირუსის ინფექციამ გასული წლის მიწურულს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. დაავადებამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 370 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები