Thumbnail

იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა, პანდემიასთან ბრძოლაშიც არის ჩაბმული.

ბოლო პერიოდია, ესპანეთში ძალა მოიკრიბა საქველმოქმედო აქციამ, რომელშიც ცნობილი სპორტსმენები და ხელოვნების წარმომადგენლები არიან ჩაბმულნი.

მათ სხვადასხვა ნივთები სპეციალურ აუქციონზე გააქვთ, შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ირიცხება.

აქციაში შერმადინიც ჩაერთო და აუქციონზე მისთვის საკმაოდ ძვირფასი ნივთი გაიტანა: ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულისთვის კუთვნილი ოქროს მედალი.

იბეროსტარ ტენერიფემ ტურნირი თებერვალში მოიგო

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი თებერვალში ჩატარდა და ტენერიფელებმა ნახევარფინალში NBA-ს G-ლიგის წარმომადგენელ რიო გრანდეს (აშშ) 110:89 სძლიეს, ფინალში კი იტალიურ ვირტუს ბოლონიას 96:90 მოუგეს.

პირველ შეხვედრაში შერმადინმა 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მეორეში კი – 18 ქულა და 7 მოხსნა.

ქართველი კალათბურთელის მედალი უკვე განთავსებულია Ebay-ზე და მისი საწყისი ფასი 235.50 ევროა.

აღნიშნულ ფონდში უკვე შეგროვებულია 143 ათასი ევრო. ამ დროისთვის ყველაზე ძვირად რაფაელ ნადალის მაისური (20.5 ათასი) გაიყიდა, აუქციონისთვის ნივთები გაიღეს ხუან კარლოს ნავარომ, სერხიო ლულმა, სერხიო სკარიოლომ, რუდი ფერნანდესმა, პაუ გასოლმა, პაბლო ლასომ, ფელიპე რეიესმა და სხვებმა.

კომენტარები

ბოლო ამბები