Thumbnail

ბრეშას პრეზიდენტი: თუ უნდათ ქულები დაგვაკლონ, მაინც არ ვითამაშებთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური ბრეშას პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, სერია A-ს განახლების კატეგორიული წინააღმდეგია.

მეტიც, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მისი კლუბი მინდორზე სათამაშოდ არ გავა და სასჯელს დაელოდება.

“გამორიცხული ამბავია. თუკი ჩემპიონატი განახლდება, ბრეშა მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

ეს, პროვოკაცია არაა. თუ უნდათ, ქულები დაგვაკლონ, ამ შემთხვევაში, მთელს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებ“.

ჩელინო იტალიაში არსებულ ვითარებას მთელი სერიოზულობით აღიქვამს და ადრეც უთქვამს, რომ მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ფეხბურთი კი მეორეხარისხოვანია.

საინტერესოა, რომ 26 ტურის შემდეგ, ბრეშას მხოლოდ 16 ქულა აქვს და სერია B-ში გავარდნისგან თავის არიდება ძალიან გაუჭირდება, ამდენად, სეზონის ჩაშლილად გამოცხადება ნამდვილად უნდა აწყობდეს.

სათქმელია ისიც, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აწუხებს და სეზონის შეწყვეტის მიუხედავად, ქომაგებისთვის აბონემენტებში გადახდილი თანხას დაბრუნებასაც ვერ ახერხებს.

იტალია იმ ქვეყანათა რიგშია, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად აზარალა. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირების 152 271 შემთხვევაა დაფიქსირებული, 19 468 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც მსოფლიოში მე-2 მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები