Thumbnail
  • NBA-ს ორგზის ჩემპიონისა და ლიგის დებიუტანტის დიალოგი ინსტაგრამლაივში
  • 36 წლის ზაზამ 20 წლის გოგას თავისი გამოცდილება გაუზიარა და რჩევები მისცა

NBA-ს ყოფილმა და მოქმედმა კალათბურთელებმა, ზაზა ფაჩულიამ და გოგა ბითაძემ, კარანტინით ისარგებლეს და ერთმანეთთან ინსტაგრამლაივით ისაუბრეს. გოლდენ სტეიტში ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც NBA-ში ჯამში 16 სეზონი გაატარა, ლიგის დებიუტანტ ახალგაზრდა თანამემამულეს საჭირო რჩევები მისცა.

ზაზა ფაჩულია გოგა ბითაძის ერთ-ერთი უპირველესი გულშემატკივარია

ინსტაგრამლაივში დიალოგმა ნახევარ საათზე მეტ ხანს გასტანა. 36 წლის ფაჩულიამ ინდიანას 20 წლის ცენტრს ესაუბრა იმაზე, როგორ დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სათამაშო დროის სიმცირეზე, G-ლიგაში თამაშსა და კრიტიკულ კომენტარებზე.

"ჩემი კარიერის დასაწყისში ვკითხულობდი კომენტარებს, რადგან მაინტერესებდა, ვინ რას ამბობდა. ადამიანი ხარ, კარგი გსიამოვნებს, ცუდი - არა. მაგრამ ბოლოს უკვე აღარ ვკითხულობდი... 

შენ რომ თავიდანვე გგულშემატკივრობ და მუდმივად თვალს გადევნებ, ამის თქმაც არც მჭირდება. შენს ნაცვლად მე დავიწყე შენი კომენტარების კითხვა, მაინტერესებდა, რას გიწერდნენ. კომენტარები: "G ლიგაში გაუშვეს", "ადრე წავიდა NBA-ში" და ა.შ... ეს არის პროცესი, ეს არის მარათონი. აქ საუბარია 15-წლიან კარიერაზე და ეს G ლიგაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კარიერის. ამის გარეშე არ არსებობს, არ შეიძლება. თანაც, ვიცი, რომ თავადაც გსურდა იქ წასვლა. 

პირიქით, ყველაფერი ძალიან მაგრად არის, ძალიან ვამაყობ შენით და მიხარია

შენ პირველივე რაუნდში, პირველივე შესაძლებლობაზე აგიყვანეს და ეს G ლიგა სწორედ შენთვის არის შექმნილი. ასე რომ, ყურადღება არ მიაქციო ასეთ კომენტარებს და იმაზე საუბარს, რომ "ჯერ ადრე იყო" და ა.შ. ამას უბრალოდ ის ხალხი ამბობს, ვისაც კარგად არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს NBA. პირიქით, ყველაფერი ძალიან მაგრად არის, ძალიან ვამაყობ შენით და მიხარია.

გოგა ბითაძემ 2019/20 წლების სეზონში NBA-ს 49 მატჩში ითამაშა

ჩემპიონობა ხომ სასწაული გრძნობა იყო ჩემთვის. მაგრამ ყველაზე მაგარი გრძნობა რა იყო, იცი? დრაფტის საღამოს შენზე რომ დაიწერა და ჩემი სახელიც წავიკითხე… ადამიანი რაღაცას რომ აკეთებ და ამას ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ, მოსწონთ, აფასებენ და სურთ, რომ შენ გზას გაყვნენ - აი, ეს არის ყველაზე მაგარი კომპლიმენტი. 

გახსოვდეს, რომ შენს ყველა ნაბიჯს არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში უამრავი ბავშვი უყურებს

ამიტომ, შენც სამაგალითო უნდა იყო. გახსოვდეს, რომ შენს ყველა ნაბიჯს, თითოეულ თამაშს, თითოეულ სეზონს, არამარტო საქართველოში, არამედ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში უამრავი ბავშვი უყურებს. თუნდაც ჩემი შვილები - სულ უყურებენ შენს თამაშებს, ჰაილაითებს. დარწმუნებული ვარ, რომ შენ მათთვის, ახალგაზრდებისთვის, სამაგალითო და მისაბაძი ხარ და ყველაზე მაგარი გრძნობა სწორედ ეს არის. ეს მთელი კარიერა გაგყვება". 

📺 ზაზა ფაჩულიას და გოგა ბითაძის ინსტაგრამ ლაივი

კომენტარები

ბოლო ამბები