Thumbnail

უელსის ნაკრების თავკაცი რაიან გიგზი ამბობს, რომ შემოდგომით უეფა ერთა ლიგაზე 10-დღიან ვადაში 3 ტურის გამართვას გეგმავს, რაც აუცილებლად გამოიწვევს მოწინავე ევროპული კლუბების აღშფოთებას.

გიგზმა Daily Mail-თან საუბარში უეფას გეგმა გამოამზეურა. მოგეხსენებათ, სექტემბერში უნდა დაიწყოს ერთა ლიგის მეორე, 2020/21 წლების სეზონების გათამაშება. საქართველოს ნაკრები C ლიგაშია და მე-2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიას, ესტონეთსა და სომხეთს ხვდება. ჯგუფის გამარჯვებული შემდეგ სეზონში B ლიგაში იასპარეზებს. 

თავდაპირველი გეგმით, ჯგუფური ტურნირი 3 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და 16 ნოემბერს დასრულებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ახალი გეგმა ასეთია: 3 ტური სექტემბერში გაიმართება, 3 - ოქტომბერში. ნოემბერში კი უეფას სხვა გეგმები აქვს - მარტიდან გადატანილი ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები უნდა ჩატარდეს, სადაც ასევე ასპარეზობს საქართველოს ნაკრები - ნახევარფინალში ბელარუსს ხვდება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში - ან ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს.

გიგზს მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს ახალ დაპირისპირებებს კლუბი V ნაკრების დონეზე. 

რაიან გიგზი (უელსის მწვრთნელი): "სავარაუდოდ, თამაშებს სექტემბერში დავიწყებთ. ეს იქნება სამტურიანი მატჩები ერთა ლიგაზე ორის ნაცვლად. ეს იმიტომ, რომ ნოემბერში ევროს პლეი ოფებიც მოესწროს. 

ველით, როდის იქნება შესაძლებელი უსაფრთხოდ თამაში. ველოდით ევროს ამ ზაფხულში, მაგრამ ის გადაიდო ერთი წლით. არა უშავს, ეს არ არის სამყაროს დასასრული. 

ჩვენთვის ეს ახალი გრაფიკი არ არის პრობლემატური, მაგრამ პრემიერლიგის მენეჯერებს სულ სხვა აზრი ექნებათ. როცა ორ-მატჩიანი ტურები იყო, არ წყდებოდა ზარები ჩემს ტელეფონზე მათგან და წარმომიდგენია, რა იქნება სამ-ტურიანი მატჩების დროს. ალბათ, ნაკრებში 40 ფეხბურთელის გამოძახება მომიწევს".  

უეფას ევრო პლეი ოფები 26-31 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო, ჯერ ივნისისთვის გადაიდო, შემდეგ - შემოდგომისთვის. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 129 ათასამდე გარდაიცვალა, თითქმის ნახევარი მილიონი კი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები