Thumbnail

ავსტრიაში წვრთნის პროცესს ანახლებენ - გუნდში ვარჯიშს კიტეიშვილიც შეძლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ორშაბათიდან ავსტრიულ კლუბებს ვარჯიში გარკვეული შეზღუდვებით შეეძლებათ
  • წვრთნის ნორმალურ პროცესს, სხვებთან ერთად, ოთარ კიტეიშვილიც დაუბრუნდება
  • ავსტრიის ბუნდესლიგის განახლებას მაისისთვის ვარაუდობენ

ავსტრიის ხელისუფლებამ ქვეყნის პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბებს უფლება მისცა, განაახლონ ვარჯიში და კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შეჩერებული სეზონის განახლებისთვის მოემზადონ. 

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში მოთამაშე გრაცის შტურმში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გამოდის. კიტეიშვილი ფორმის შენარჩუნებას ბოლო დრომდე იზოლაციაში ცდილობდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

15 აპრილს ავსტრიის ვიცე-კანცლერმა და სპორტის მინისტრმა ვერნერ კოგლერმა განაცხადა, რომ გუნდებს წვრთნის პროცესის განახლების უფლება ორშაბათიდან ექნებათ. ოღონდ,  თავდაპირველად გუნდმა ვარჯიში ფეხბურთელთა მცირე, 6-კაციანი ჯგუფებით უნდა ჩაატაროს, თან ისე, რომ ჯგუფების შემადგენლობები არ უნდა შეიცვალოს. 

ოთარს თვითიზოლაციის პერიოდში წიგნის კითხვის დრო საკმაოდ ჰქონდა

კოგლერს ავსტრიის ჩემპიონატის განახლების თარიღი არ დაუსახელებია. ავსტრიული მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრები შესაძლოა მაისში გაიმართოს, ოღონდ ტრიბუნებზე მაყურებლების გარეშე. იუწყებიან, რომ სეზონის განახლების შემდეგ, თამაშებამდე 48 საათით ადრე, ფეხბურთელების კორონავირუსზე ტესტირებაზე პასუხისმგებელი ლიგა იქნება. 

24 წლის ოთარ კიტეიშვილმა 2019/20 წლების სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის 21 მატჩში ითამაშა და 4 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. გრაცის შტურმმა საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრა მოახერხა, თუმცა დაგეგმილი მატჩები პანდემიის გამო ვეღარ ჩაატარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები