Thumbnail

ცარიელი სტადიონები 2021 წლის მარტამდე - როდის და როგორ განახლდება სერია A

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიაში გულშემატკივრებისთვის სტადიონებზე დასწრება მომავალი წლის გაზაფხულამდე აკრძალული იქნება, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. 

მედიის ინფორმაციით, ამ ქვეყნის საფეხბურთო სეზონი შესაძლოა 31 მაისს, ოღონდ უმაყურებლოდ განახლდეს, გულშემატკივრებს კი თამაშებზე დასწრების ნებას 2021 წლის მარტამდე არ მისცემენ - სანამ საზღვრები არ გაიხსნება და ყველ შეზღუდვა არ გაუქმდება.

იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინეფქციის გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოში მასობრივად გაუქმდა და გადავადდა სპორტული ღონისძიებები. სპორტსმენები კი ვარჯიშს ინდივიდუალურად, მხოლოდ იზოლირებულ გარემოში ახერხებენ.

ამავდროულად, იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ იმ ვადაზე ისაუბრა, როდესაც პროფესიონალი სპორტსმენები ვარჯიშის განახლებას შეძლებენ:

"უახლოესი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება ვითარებაში გასარკვევად და იმის დასადგენად, როდის შევძლებთ დავუბრუნოთ პროფესიონალური სპორტი ჩვეულ ცხოვრებას ყველაზე დონეზე. ვიმედოვნებთ, რომ ვარჯიშების განახლების თარიღად 4 მაისს გამოვაცხადებთ".

ასეთ გარემოში თამაში იტალიურ გრანდებსაც მოუწევთ

იტალიის 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემის გამო, 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა. სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეში ტურინის იუვენტუსია, რომელსაც 63 ქულა აქვს. მეორე პოზიციას რომის ლაციო იკავებს, რომელიც ლიდერს ქულით ჩამორჩება.

COVID 19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის პლანეტაზე დაავადების 2,1 მილიონი ფაქტია აღრიცხული. გარდაიცვალა 144 ათასზე მეტი ადამიანი, 540 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთა რაოდენობით იტალია სამეულშია - ამ ქვეყანაში კორონავირუსით 168 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები