Thumbnail

'ლიგები მზად არიან, სეზონი უმაყურებლოდ განახლდეს' - უეფას პრეზიდენტი ოპტიმისტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა იტალიურტ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპული ლიგები მზად არიან, სეზონის გადასარჩენად, რათა კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული მატერიალური ზარალი შეამცირონ.

ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები მარტის შუიდან შეჩერდა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ბოსი მიიჩნევს, რომ მალე გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ნორმალური ცხოვრებისკენ:

ალეკსანდერ ჩეფერინი: "ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ პირველობები განვაახლოთ და დავასრულოთ. შესაძლოა, ეს მოხდეს მაყურებლის გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მატჩები ჩატარდება. 

ახლა იმის თქმა, რომ სეზონის დასრულება შეუძლებელია, ნაადრევი და პესიმისტურია. ეს იქნებოდა საშინელება კლუბებისა და ლიგებისთვის. უკეთესია, ვითამაშოთ ცარიელი ტრიბუნების წინ, ვიდრე საერთოდ არ ვითამაშოთ.

ეს ხალხს ოპტიმიზმს დაუბრუნებს ამ მძიმე დროში, მათ ტელევიზიით მაინც ექნებათ შესაძლებლობა, თამაშების ნახვის. თუკი უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, ადგილობრივი ხელისუფლებები ნებას დაგვრთავენ, სულ მალე გუნდები ვარჯიშს დაიწყებენ.

ეროვნული ლიგები უფრო მალე აღდგება, შემდეგ მათ პარალელურად ევროთასებიც განახლდება. ჩვენ არ გვსურს, რომ სეზონი სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს, ეს 2020/21 წლების სეზონს დააზარალებს, თუმცა დაველოდებით რეკომენდაციებს. გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ მივიღებთ.

კლუბები დიდად არიან დამოკიდებულნი სეზონის დასრულებაზე, ამ შემთხვევაში ფინანსური ზარალი შემცირდება. თავის მხრივ, უეფამ ძალზე იზარალა, როცა ევრო 2020 ერთი წლით გადადო". 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ ევროპაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები