Thumbnail

ცარიელი ტრიბუნა პრობლემა არაა - დანიაში ფანებისთვის საინტერესო ხერხს მიაგნეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსის პანდემიამ დანიის საფეხბურთო ჩემპიონატი, ჩატარებული 24 ტურის შემდეგ შეაჩერა. რეგულარულ სეზონში გუნდები კიდევ  ორ-ორ მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც ტურნირი ორ, საჩემპიონო (1-6 ადგილოსნები) და სარელეგაციო (7-14 ადგილოსნები) ჯგუფებად დაიყოფა. დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ რეგულარულს მიდტიულანი მოიგებს, რომელიც უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებს. ამ სხვაობის გაბათილება სავსებით შესაძლებელია ჩემპიონატის მომდევნო სტადიაზე, რომელიც სავარაუდოდ, ზაფხულში ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

მიდტიულანის ხელმძღვანელობამ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა საიმისოდ, რათა ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტულისკენ მიმავალ გზაზე, კლუბს ქომაგთა მხარდაჭერა არ მოაკლდეს. 

კარანტინის დასრულებისთანავე, მიდტიულანი სტადიონის სიახლოვეს არსებულ ავტოსადგომზე რამდენიმე დიდი ეკრანს განათავსებს და მატჩის ტრანსლაციას განახორციელებს. კლუბის გულშემატკივრები არენასთან პირადი ავტომობილებით გამოცხადდებიან და თამაშს თვალს ასე, მანქანის სალონიდან მიადევნებენ. ერთი სიტყვით, ეს იქნება ავტოკინოთეატრი ღია ცის ქვეშ. 

ავტოსადგომი 2 000 ავტომობილს იტევს და შესაბამისად, მატჩის დღეს ავტოკინოთეატრში მაყურებლების რაოდენობამ შესაძლოა 10 ათასამდეც მიაღწიოს. დაახლოებით ამდენ ქომაგს იტევს კლუბის საშინაო არენაც.

მიდტიულანს ქომაგი სტადიონის გარეთ ეყოლება 

დანიური კლუბი ამ ნაბიჯით არამხოლოდ თავის ფანატებს მისცემს მატჩის სტადიონის სიახლოვეს ყურების საშუალებას, გინესის რეკორდების წიგნშიც შეძლებს მოხვედრას. 

“ახლო მომავალში ჩემპიონატის მატჩების ყურება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოგვიწევს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენმა გულშემატკივრებმა ახალი გამოცდილება მიიღონ. გვაქვს მიზანი - მატჩების დღეებში სტადიონზე საუკეთესო პირობები შევქმნათ. და კორონავირუსი ხელს ვერ შეგვიშლის. უბრალოდ, ვითარება განსხვავებული იქნება”, - აცხადებს მიდტიულანის მარკეტინგის დირექტორი პრებენ როკიერი.

"ცარიელმა ტრიბუნებმა არ უნდა დაგვაშოროს, როდესაც ჩემპიონატი განახლდება და ოქროსთვის ბრძოლას გავაგრძელებთ", - ნათქვამია მიდტიულანის ოფიციალურ საიტზე.

მიდტიულანმა დანიის ჩემპიონატი აქამდე ორჯერ მოიგო - 2015 და 2018 წლებში. გასულ სეზონში კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა, მოქმედი ჩემპიონი კოპენჰაგენი კი ამჟამად ცხრილში მეორე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები