Thumbnail

რომელუ ლუკაკუ: თითქმის ყველა ავად ვიყავით და ტესტები არ ჩაგვიტარეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანის ინტერის თავდამსხმელმა იანვრის ამბები გაიხსენა
  • რომელუ ლუკაკუ ფიქრობს, რომ შესაძლოა, მთელ გუნდს კორონავირუსი ჰქონდა

მილანის ინტერის ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ფიქრობს, რომ შესაძლოა, კორონავირუსი მთელ გუნდს გადატანილი ჰქონდეს. მისი თქმით, ზამთარში ‘ნერაძურის’ თითქმის ყველა მოთამაშე ახველებდა და თითოეულ მათგანს სიცხეები ჰქონდა, მაგრამ ტესტები არავის ჩაუტარებია.

'მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და კინაღამ გული წაუვიდა. ყველა ახველებდა და თითქმის ყველას სიცხე ჰქონდა.'

“დეკემბრის ბოლოს ერთკვირიანი პაუზა გვქონდა. როცა კლუბში დავბრუნდით, გეფიცებით, 25 ფეხბურთელიდან 23 ავად იყო. არ ვხუმრობ! რაჯა ნაინგოლანის კალიარის ვეთამაშებოდით და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ერთ-ერთი ჩვენი მცველი იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა (შენიშვნა: შკრინიარი მე-17 წუთზე შეცვალეს). მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და კინაღამ გული წაუვიდა. ყველა ახველებდა და თითქმის ყველას სიცხე ჰქონდა. მოთელვის დროს მეც უფრო მცხელოდა, ვიდრე ჩვეულებრივაა ხოლმე. არადა, მანამდე წლების მანძილზე ჩვეულებრივი ტემპერატურა მქონდა.” - განაცხადა ლუკაკუმ.

ბელგიელი თავდამსხმელის თქმით, კალიარისთან მატჩის (1:1) შემდეგ, გუნდს Puma-ს წარმომადგენლებთან ერთად უნდა ევახშმათ, მაგრამ ლუკაკუ თავს ცუდად გრძნობდა და დასაძინებლად წავიდა. “ჩვენ არ გაგვიკეთეს ტესტი კორონავირუსზე. შესაბამისად, არასდროს გვეცოდინება ზუსტად, გვქონდა თუ არა ეს ვირუსი. ჩვენი შვიდი ფეხბურთელი ერთ ქუჩაზე ცხოვრობს. ინგლისთან შედარებით განსხვავება დიდია - იქ ერთად მხოლოდ 4 თვეში ერთხელ ვვახშმობდით, იტალიაში კი ეს მინიმუმ თვეში ერთხელ ხდება.”

იტალია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში სულ 181 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 24 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა თითქმის 50 000 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯამში ორმილიონნახევარზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 173 445 და გამოჯანმრთელდა 660 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები