Thumbnail

რომელუ ლუკაკუმ ბოდიში მოიხადა - ინტერი 23 ფეხბურთელის ავადმყოფობას უარყოფს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის ბელგიელ თავდამსხმელს თავისი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა დასჭირდა
  • 26 წლის ფეხბურთელი ამბობდა, რომ იანვარში გუნდში გრიპის ვირუსი იყო მოდებული
  • ნერაძური თავისი თავდამსხმელის დაჯარიმებას მაინც არ აპირებს

მილანის ინტერის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ კლუბს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თანაგუნდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წინდაუხედვად ილაპარაკა. საუბარი კორონავირუსის პანდემიის საწყის პერიოდს ეხებოდა, რა დროსაც, თითქოს, მილანურ გუნდში ლამის ყველა ფეხბურთელი ავად იყო, მაგრამ ტესტირება არავის ჩაუტარეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძურიში მიიღეს 26 წლის ფეხბურთელისგან ბოდიში და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელმა ინტერის დისციპლინარული კოდექსი დაარღვია, მისი დაჯარიმება არ იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ ინსტაგრამში პირდაპირი ეთერის დროს რომელუმ განაცხადა, რომ იანვარში, ინტერის 25 ფეხბურთელიდან 23 ავად იყო. ლუკაკუს თქმით, ყველა მათგანს ახველებდა და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. 

ბელგიელმა სერია A-ს 25 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა

თავის მხრივ, ინტერში უარყვეს ლუკაკუს სიტყვები, იანვარში ფეხბურთელების მასობრივი ავადობის შესახებ. მილანურ კლუბში განაცხადეს, რომ მაშინ გრიპის სიმპტომები მხოლოდ 4 მოთამაშეს ჰქონდა - სტეფან დე ვრეის, მილან შკრინიარს, დანილო დ’ამბროზიოსა და ალესანდრო ბასტონის. სხვა ყველა ფეხბურთელს კი, რომელიც იმ მომენტში მწყობრში არ იყო, სინამდვილეში ტრავმა ჰქონდა.

COVID 19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 177 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 695 ათასზე მეტი დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. იტალიაში პანდემიის მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

კომენტარები

ბოლო ამბები