Thumbnail

ატალანტას მეკარეს თვეზე მეტია კორონავირუსი აქვს - ტესტი ისევ დადებითია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბერგამოს ატალანტას მეკარე მარკო სპორტიელომ ხელმეორედ ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტი, რომელმაც კვლავაც დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელს ინფექცია თავდაპირველად თვეზე მეტი ხნის წინ, 20 მარტს დაუდგინდა.

გოლკიპერი შინ იმყოფება და მისი მდგომაროება შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. შესაბამისად, სპორტიელო კვლავაც გააგრძელებს საშინაო კარანტინში ყოფნას. 

არსებობს მოსაზრება, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსის ინფექციის აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩი გახდა, რომელშიც ბერგამოს ატალანტამ ვალენსიას უმასპინძლა. ეს შეხვედრა, რომელიც ატალანტას გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა, 19 თებერვალს, მილანში, "სან სიროზე" გაიმართა და მას 40 ათასამდე ბერგამოელი გულშემატკივარი დაესწრო.

ატალანტა-ვალენსიის მატჩი ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახდა

მარკო სპორტიელო ატალანტას ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 27 წლის მეკარემ იტალიის ჩემპიონატის სამ მატჩში ითამაშა და სამი გოლი გაუშვა. ბერგამოელებთან მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. 

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დაავადების 187 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად, 25 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები