Thumbnail

ბუნდესლიგა მზადაა - თუ მთავრობის ნება იქნა, სეზონი მაისში განახლდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გერმანულმა ბუნდესლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონი განაახლოს.

როგორც ირკვევა, ბუნდესლიგისა და მე-2 ბუნდესლიგის გუნდები მინდორზე მაისში (სავარაუდოდ, უკვე 9-ში) იმ შემთხვევაში გავლენ, თუკი ქვეყნის მთავრობისგან ნებართვას მიიღებენ, ოღონდ, თამაშები მაყურებლების გარეშე განახლდება.

ამასთან, ბუნდესლიგას სეზონის განახლებისთვის მკაცრი სამედიცინო კონცეფცია აქვს შემუშავებული, რაც ჰიგიენური წესების დაცვას, კორონავირუსზე ტესტირებასა და ფეხბურთელების მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს ითვალისწინებს.

მოსალოდნელია, რომ გერმანული ფეხბურთის ბოსებს ყოველკვირეულად 1 100 ფეხბურთელის, მსაჯებისა და მწვრთნელების ტესტირება მოუწევთ, რისთვისაც დაახლოებით 2.5 მილიონი ევრო იქნება საჭირო.

ცნობილი გახდა ისიც, რომ სტადიონებზე უსაფრთხოების ყველა პუნქტის დასაცავად, თითოეულ თამაშზე 213 ადამიანი იქნება მობილიზებული: 98 შიდა პერიმეტრზე და 113 – ტრიბუნებზე.

ბუნდესლიგის ხელმძღვანელობისვე გადაწყვეტილებით, გერმანიის მე-3 ლიგისა და ქალთა ბუნდესლიგის კლუბების დასახმარებლად, 7.5 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილება 13 მარტს მიიღეს, შემდეგ კი, მისი განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

25 ტურის თავზე, ბუნდესლიგას 55 ქულით მიუნხენის ბაიერნი ლიდერობს, შემდეგ კი, ბორუსია დორტმუნდი (51), ლაიპციგი (50) და ბორუსია გლადბახი (49) მოდიან.

COVID-19 პირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, 2 670 582 ადამიანია ინფიცირებული, 186 399 კი გარდაიცვალა. კონკრეტულად გერმანიაში აღნიშნული ციფრები ასე გამოიყურება: 151 175 და 5 534.

კომენტარები

ბოლო ამბები