Thumbnail

ფიფას დახმარება - 710 ათას დოლარზე მეტი თითოეულ წევრ ასოციაციას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა), კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, წევრ ასოციაციებს ფინანსურად დაეხმარება. საფეხბურთო საზოგადოების დასახმარებლად, ფიფას პირველი ნაბიჯი სახსრების ოპერატიულად გამოყოფა იქნება, რომელიც 2019 და 2020 წლებში წევრ ასოციაციებზე იყო გათვალისწინებული. 

საერთო ჯამში, მსოფლიოს 211 ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციაზე 150 მილიონი დოლარი გადანაწილდება. შესაბამისად, ამ თანხიდან თითოეულ წევრს (მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას) 710 ათას დოლარზე ცოტა მეტი შეხვდება.

ფიფას პრეზიდენტი პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს

"პანდემიამ უპრეცედენტო პრობლემები მთლიანად საფეხბურთო საზოგადოებისთვის შექმნა და როგორც მმართველი ორგანო მსოფლიოში, ფიფა ვალდებულია იდგეს იქ და ეხმარებოდეს მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ. - დასაწყისი ჩვენი წევრი ასოციაციებისთვის სასწრაფო ფინანსური დახმარების აღმოჩენა იქნება, რომელთაგან ბევრს სერიოზული ფინანსური სირთულეები აქვს. ეს არის პირველი ნაბიჯი შორს მიმავალი ფინანსური დახმარებისა, რომელსაც ვადგენთ შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაფასებთ ზარალს და ვმუშაობთ იმაზე, რათა ამ დახმარების სხვა ეტაპების რეალიზაციისთვის შესაბამისი და ეფექტიანი ინსტრუმენტები მოვიძიოთ".

24 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 2,7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 192 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გამო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მთელ მსოფლიოში შეჩერებულია ყველა სპორტული ღონისძიება. გადადებულია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში.

კომენტარები

ბოლო ამბები