Thumbnail

რუმინეთის ჩემპიონატი თურქეთში? უცნაური გეგმის დეტალები ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მარტში თურქეთში მზად იყო, მომდევნო ევროპის ჩემპიონატი სრულად თვითონ ჩაეტარებინა – არ გამოვიდა, ახლა კი, შესაძლოა, იქ რუმინეთის პირველობის მატჩები გაიმართოს. ეს უცნაური ინიციატივა რუმინეთის პროფესიონალური ლიგის ვიდეო-კონფერენციაზე განიხილეს, რომელიც პანდემიის ჟამს, საგანგებო რეჟიმში წარიმართა, დეტალები კი Gazeta Sporturilor-მა გაახმაურა.

იდეა ერთი შეხედვით აბსურდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაფერი დამუშავებული და გაწერილია:

გუნდები თურქეთში, კერძოდ კი, ანტალიაში, 2-3 კვირის შემდეგ ჩარტერული რეისებით გაემგზავრებიან და იქ 2 თვე დარჩებიან.

თავდაპირველად, გუნდები წინასასეზონო მოკლე პერიოდს გაივლიან, შემდეგ კი, დარჩენილი 8 ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ.

მატჩები ივნისში დაიწყება და ივლისში დასრულდება.

ფეხბურთელებს თითოადგილიან ნომრებში განათავსებენ, რომელთა საშუალო ფასი 40 ევროა.

თურქეთში ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და სტადიონების იჯარა – ეს, ძირითადი ხარჯებია, რაც 2 მილიონ ევრომდე აღწევს.

აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით უკვე გაჩნდა არაერთი კითხვაა, რომელთაგან მთავარი შემდეგში მდგომარეობს:

თურქეთში უკვე 110 ადამიანზე მეტია ინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 2805-ს უდრის. უკანასკნელი კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაავადების 20 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში, თურქეთმა უკვე გადაასწრო ირანსა და ჩინეთს, ამასთან, ქვეყანა აშშ-სა და ევროპის მიღმა, ინფექციის უმთავრეს კერად იქცა.

ამ ფონზე, თავად რუმინეთში მხოლოდ 11 339 ადამიანია ინფიცირებული და 631 გარდაიცვალა, თუმცა კი, ცხადია, ქვეყნების მასშტაბიც სხვაა.

რუმინეთის ჩემპიონატში ბოლო მატჩი 9 მარტს ჩატარდა

რუმინელთა ლოგიკა ისაა, რომ თურქეთში იზოლირებული ტურნირის ჩასატარებლად იდეალური გარემოა შეექმნილი: ანტალიაში უამრავი სასტუმროა, რომლებიც გასაგებ მიზეზთა გამო, ახლა, ცარიელია და ფასებიც მინიმუმამდეა დასული. ბევრ მათგანს სტანდარტული ზომის მოედნებიც აქვს, სადაც მაყურებლების გარეშე ოფიციალური მატჩების ჩატარებაც შეიძლება.

იმავე Gazeta Sporturilor-ის ცნობით, ფეხბურთელები გამგზავრების წინ ტესტირებას გაივლიან, შემდეგ კი მათ თურქეთშიც გასინჯავენ. იგივე ბედი ელით ჟურნალისტებსაც, რომელთაც გასვლითი მატჩების გაშუქების სურვილი ექნებათ.

ის, რომ ჩემპიონატის დასრულებაში რუმინული ლიგაც დიდად არის დაინტერესებული, გასაკვირი არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ რუმინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მატჩების ტრანსლაციის უფლება 28 მილიონ ევროდ აქვს შეძენელი, საიდანაც 26 უკვე გადახდილია, ტურნირის ჩაშლის შემთხვევაში კი, ის თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას მოითხოვს.

საინტერესოა, რომ იდენტური იდეა თავად თურქეთშიც განიხილება. როგორც გაზიანთეფის რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა მარიუს ჩუმუდიკემ განაცხადა, გუნდებს უკვე აცნობეს, რომ ივნის-ივლისში, ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, ასევე ანტალიაში ჩატარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები