Thumbnail

პრემიერლიგა ივნისში უნდა განახლდეს - 4,6 მილიონი ევრო მხოლოდ ტესტებში?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პრემიერლიგის კლუბები 1-ელ მაისს სეზონის განახლების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ
  • ინგლისის ჩემპიონატი შესაძლოა 8 ივნისს განახლდეს და ივლისის ბოლოს დასრულდეს
  • ფეხბურთელების კვირაში ორჯერ კორონავირუსზე ტესტირება საკმაოდ ძვირი ჯდება 
  • 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად

ინგლისის პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლები 1-ელ მაისს ვიდეოკონფერენციის გამართვას აპირებენ, რათა 2019/20 წლების სეზონის ივნისში განახლების შესაძლებლობა განიხილონ. დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მასმედიისა და სპორტის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა დაადასტურა, რომ  სეზონის ივნისში გასანახლებლად ის კლუბებთან აქტიურად მუშაობს.

"პირადად მქონდა მოლაპარაკება პრემიერლიგასთან, რათა სეზონის მაქსიმალურად სწრაფად განახლდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაბიჯი შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან", - განაცხადა დაუდენმა.

ბრიტანული მედიის ვარაუდით, სეზონი შესაძლოა 8 ივნის განახლდეს და ივლისის ბოლოს დასრულდეს. წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად, კლუბებმა სრულფასოვანი ვარჯიში 18 მაისიდან უნდა განაახლონ.

არსენალის ბაზა ფეხბურთელებისთვის ორშაბათიდან უკვე გაიღო

27 აპრილიდან არსენალმა, ევერტონმა და ვესტ ჰემმა ფეხბურთელებს ბაზებზე დაბრუნების საშუალება უკვე მისცეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ დისტანცირების წესები უნდა დაიცვან. ძირითადი გუნდისთვის საწვრთნელი ცენტრის ნაწილობრივ გახსნას აპირებს ტოტენჰემიც. 

სავარაუდოდ, მატჩები სტადიონებზე გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება, ტურნირის განახლების წინ კი ფეხბურთელებსა და პერსონალს კორონავირუსზე სავალდებულო  ტესტირება ჩაუტარდება. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მოთამაშეებს კორონავირუსზე ტესტი შესაძლოა კვირაში ორჯერაც ჩაუტარონ და საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სწორედ 1-ელ მაისს უნდა მიიღონ. მედიაში კი ითვლიან იმ ხარჯებს, რომლის გაწევაც პრემიერლიგას ტესტებზე მოუწევს.

გუნდების მოთამაშეებსა და პერსონალს ტესტირება კვირაში ორჯერ უნდა ჩაუტარდეთ

ირკვევა, რომ ტესტის ერთი კომპლექტი 172 ევრო ღირს, თითოეულ კლუბს კი კვირაში 50 ტესტის გამოყენება დასჭირდება. საერთო თანხა, რაც შემოწმებაზე ლიგაში უნდა დაიხარჯოს, 4,6 მილიონ ევროს შეადგენს და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ამის გამო აღფშფოთებულნი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში უფრო მნიშვნელოვანი ტესტების ჩვეულებრივი კლინიკების ექიმებისთვის მოხმარება იქნებოდა.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში, 29 ჩატარებულ მატჩში მოპოვებული 82 ქულით ლივერპულია, რომელსაც ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად ორი შეხვედრის მოგება სჭირდება. მეორე ადგილზე მანჩესტერ სიტია, რომელსაც 28 მატჩში 57 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები