Thumbnail

ტოკიო კატეგორიულია: თუ ასე გაგრძელდა, ოლიმპიადა არც 2021 წელს გაიმართება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იაპონიაში გასამართი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ იოშირო მორიმ განაცხადა, რომ ერთი წლით გადავადებული თამაშები, რომელიც 2020 წლის ნაცვლად, 2021-ში უნდა გაიმართოს, საერთოდ გაუქმდება, თუკი კორონავირუსის პანდემია მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულებული არ იქნება. 

იოშირო მორიმ პესიმისტური პროგნოზი იაპონიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. 

გაზეთ Nikkan Sports-ის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა თამაშების კიდევ ერთხელ გადადება, თუკი მდგომარეობა 2021 წლის ზაფხულისთვისაც რთული იქნება, მორიმ უპასუხა: 

"არა. ის გაუქმდება. ოლიმპიადა წარსულშიც გაუქმებულა ისეთი პრობლემის გამო, როგორიც არის ომი. დღეს ჩვენ უხილავი მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით".

იოშირო მორიმ ჟურნალისტებთან ოლიმპიადის გაუქმება არ გამორიცხა

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის ოფიციალური პირები ოლიმპიადის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობენ. აქამდე ისინი თამაშების მომავალზე მსგავსი განცხადებების ღიად გაკეთებას ერიდებოდნენ.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, იაპონიის დედაქალაქს ოლიმპიადისთვის 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა, მაგრამ მისი გადავადება საჭირო კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარდეს.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსული ინფექციით დაავადების 13,5 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დიაგნოზით 385 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები