Thumbnail

'ლიგა 1 გაუქმდება' - პირველი მსხვერპლი ევროპის TOP 5 ლიგებიდან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევროპის TOP 5 ლიგებიდან ერთ-ერთი, ფრანგული ლიგა 1 ვეღარ დასრულდება. ამის მიზეზი საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელიც აგვისტომდე სპორტული ღონისძიებების აკრძალვას აპირებს...

საფრანგეთის ჩემპიონატი 13 მარტს 28-ე ტურის შემდეგ გაჩერდა, მიზეზი ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაა. უეფას ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩემპიონატის გაუქმება მხოლოდ ორი მიზეზით არის შესაძლებელი, რომელთაგანაც ერთ-ერთი სპორტული ღონისძიებების სამთავრობო აკრძალვაა. 

საფრანგეთის პრემიერი აგვისტომდე სპორტულ ღონისძიებს კრძალავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი სულ მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საფეხბურთო მატჩები აგვისტომდე ცარიელი ტრიბუნების წინაც აიკრძალება. ლიგა 1-თან ერთად, ვერც ლიგა 2 შეძლებს სეზონის ჩამთავრებას. 

LFP-მ გასულ კვირას ჩემპიონატის განახლების გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ლიგა 1 და ლიგა 2 17 ივნისს უნდა განახლებულიყო, რათა უეფას ბოლო ვადამდე, 2 აგვისტომდე სეზონის დასრულება მოსწრებულიყო. მაგრამ შემდეგ Le Parisien-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის გეგმების შესახებ. 

კლუბებს 11 მაისის შემდეგ ვარჯიშის განახლება სურდათ, თუმცა საფრანგეთის მთავრობის პრიორიტეტი სულაც არ არის პროფესიული სპორტის განახლება. ასე რომ, დღევანდელი L'Equipe ხმაურიანი სათაურით გამოვიდა - "ლიგა 1 გაუქმებულია".

LFP-მ უნდა გადაწყვიტოს, გამოცხადდება თუ არა ლიდერი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონად. ასევე უნდა გადანაწილდეს ევროთასების საგზურები. სპორტული პრინციპით ჩემპიონთა ლიგის საგზურები პსჟ-ს, მარსელსა და რენს ეკუთვნით. ლილი ევროპალიგაზე ითამაშებს. ასევე უნდა გადაწყდეს, დააქვეითებენ თუ არა გუნდებს ლიგა 2-ში. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 128 ათასია, მათგან 45 ათასი გამოჯანმრთელდა, 23 ათასი ადამიანი კი გარდაიცალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები