Thumbnail

'ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია' - ფიფას მთავარ ექიმი ფეხბურთის განახლებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფიფას ექიმთა ბელგიელ შეფს, მიშელ დ'ოგის საფეხბურთო ტურნირების განახლება სექტემბრამდე არ სურს. ის ამტკიცებს, რომ პლანეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დრამატულ სიტუაციაშია...

Sky Sports-მა 74 წლის მიშელ დ'ოგისთან ინტერვიუ ჩაწერა. ფიფას ექიმთა შეფი ქვეყნებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, Covid-19-ის ვაქცინის შექმნამდე საფეხბურთო ტურნირების განახლებაზე ნუ იფიქრებენ. სულ მცირე, 1-ელ სექტემბრამდე ფეხბურთი უნდა დავივიწყოთ.

მიშელ დ'ოგი (ფიფა): "მსოფლიო არ არის მზად ფეხბურთის განახლებისთვის. ახლა პლანეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დრამატულ სიტუაციაშია. არ უნდა უგულველყოთ საფრთხე, რეალისტები უნდა ვიყოთ.

ჯერ ისიც არ ვიცით, რომელ ქვეყანაში როდის გადაივლის პანდემიის პიკი. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქებთ მშვიდად, როცა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება. 

ტესტირება გამოსავალი არ არის, ის ხშირად უნდა გავიმეოროთ. წარმოიდგინეთ, ერთ ფეხბურთელსაც რომ დაუდგინდეს ვირუსი, მთელი გუნდი კარანტინში უნდა გადავიყვანოთ. ფეხბურთი ხომ კონტაქტური სპორტია. ამ ვირუსის წინააღმდეგ მთავარი რეკომენდაცია კი სწორედ კონტაქტისგან თავის არიდებაა. წარმოგიდგენიათ, ფეხბურთის ნიღბით თამაში?

როგორ უნდა მოთხოვო ლივერპულის ფეხბურთელებს ორმეტრიანი დისტანცია დაიცვან მანჩესტერის ფეხბურთელებისგან. მხოლოდ იმის გამო, რომ ბურთების სტერილიზაცია შესაძლებელია, ფეხბურთს უსაფრთხოდ ვერ ვითამაშებთ". 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით მსოფლიოში 3 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, რომელთაგანც 216 ათასი გარდაიცვალა, მილიონ ადამიანამდე კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები