Thumbnail

'ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება' - იტალიაში სეზონის გაუქმება არ სურთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ სეზონის ნაადრევად დასრულების კატეგორიული წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა, თუმცა, იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელს მისი გაგონებაც კი არ სურს.

“სანამ მე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვიმყოფები, ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოვაწერ. რატომ? იმიტომ, რომ ეს იტალიური ფეხბურთის სიკვდილის ტოლფასი იქნება.

მე საყოველთაო ინტერესებს ვიცავ, ამდენად, ვიმეორებ: სეზონის ვადაზე ადრე შეწყვეტა არ შეიძლება, თუკი, რასაკვირველია, ვითარება კიდევ უარესობისკენ არ შეიცვალა და ამ შემთხვევაშიც, მკაფიო ახსნა-განმარტება დამჭირდება.

სეზონის ადრეულად დასრულების შემთხვევაში, ჩვენი სტრუქტურა 700-800 მილიონ ევროს დაკარგავს, თუკი, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ვითამაშებთ, დანაკარგი დაახლოებით 300 მილიონი იქნება, ხოლო თუ, სეზონის სრულფასოვანი აღდგენა მოხერხდა, რაც ნაკლებ სავარაუდოა, მხოლოდ 100-150 მილიონ ევროს დავკარგავთ.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ვალდებულებები გვაკავშირებს და უეფასა და ფიფას რეკომენდაციებიც უნდა გავითვალისწინოთ”.

შეგახსენებთ, რომ იტალიური სერია A 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა და ჯერაც გაურკვეველია, სეზონის გაგრძელება მოხერხდება თუ ვერა. ლიგის ხელმძღვანელობამ ბოლო ვადად 14 ივნისი დაადგინა. თუკი კლუბები ამ დრომდე კვლავაც ვერ შეძლებენ მატჩების განახლებას, მიმდინარე ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდება.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 203 591-ს აღწევს, 27 682 კი გარდაიცვალა და ეს, აშშ-ს შემდეგ, მე-2 მაჩვენებელია. სრულიად მსოფლიოში უკვე 3 221 617 ადამიანი დაინფიცირდა, 228 263 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები