Thumbnail

კოპა დელ რეი - რეალ სოსიედადს და ბილბაოს ფინალი ფანების გარეშე არ სურთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა 18 აპრილს უნდა გამართულიყო
  • რეალ სოსიედადი-ბილბაოს დაპირისპირება პანდემიის გამო გადაიდო
  • ფინალისტ გუნდებს ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში არ სურთ 

რეალ სოსიედადი და ბილბაოს ატლეტიკი ესპანეთის თასის 2019/20 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის გადატანას იმ დროისთვის ითხოვენ, როდესაც სტადიონზე გულშემატკივრების დაშვება შესაძლებელი იქნება. ამის თაობაზე კლუბებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ესპანეთის თასის ფინალური დაპირისპირება, რომელშიც რეალ სოსიედადმა და ბილბაომ უნდა ითამაშონ, სევილიაში, "ლა კარტუხაზე" 18 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩის გადადება გაურკვეველი ვადით გახდა საჭირო. ახლა ორივე კლუბის პრეზიდენტი, მომავალი შეხვედრის გულშემატკივრების თანდასწრებით ორგანიზებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას თხოვს, რომელიც კრების ჩატარებას 8 მაისს აპირებს.

არენა, სადაც ესპანეთის თასის ფინალი უნდა ჩატარდეს, 60 ათას გულშემატკივარს იტევს

თუკი თასის ფინალი არ გაიმართება, ესპანეთიდან ევროპალიგის მესამე საგზურს იმ გუნდს მისცემენ, რომელიც ლა ლიგაში მე-7 პოზიციას დაიკავებს. ამ დროისთვის კი ასეთი ვალენსიაა. რაც შეეხება თასის ფინალისტებს, რეალ სოსიედადი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია - მე-4 ადგილზე, ხოლო ბილბაოს ატლეტიკი - მე-10 პოზიციაზე.

ბუნებრივია, ბასკებს ევროსაგზურის გარეშე დარჩენის პერსპექტივა არ ხიბლავთ. კლუბმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ესპანეთის თასის ფინალისტობა უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში დაკავებული მე-7 ადგილი.

კომენტარები

ბოლო ამბები