Thumbnail

ნადალისა და ფედერერის ექსპერიმენტი - უნიკალური მატჩიდან 13 წელი გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კორტის ერთ ნახევარზე გრუნტის საფარი იყო დაგებული, მეორეზე კი - ბალახი
  • ეს ყველაზე უცნაური საჩოგბურთო თამაში იყო 'სქესთა შერკინების' შემდეგ

13 წლის წინ, 2007 წლის მაისში ჩატარდა საჩოგბურთო მატჩი, რომელსაც არც მანამდე და არც მას შემდეგ ანალოგი არ ჰქონია. საუბარია რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის შეხვედრაზე, რომელიც ექსპერიმენტულ კორტზე წარიმართა: ერთ ნახევარზე გრუნტის საფარი იყო დაგებული, მეორეზე კი – ბალახი.

როჯერი და რაფა სპორტულ ფეხსაცმელს კორტის მხრის ყოველი შეცვლისას იცვლიდნენ

იმ დროისთვის, ესპანელი და შვეიცარიელი ჩოგბურთელების დაპირისპირება უკვე კარგად იყო “გახურებული”. 2007 წლის აპრილის მიწურულს 25 წლის ფედერერი და 20 წლის ნადალი, მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ერთმანეთს მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში შეხვდნენ. მაშინ რაფამ 6:4, 6:4 მოიგო და მე-19 ტიტული (მე-14 გრუნტზე, მე-3 მონტე-კარლოში) მიითვალა.

1 კვირის თავზე ნადალმა ტიტული ბარსელონაშიც დაიცვა და მისთვის საყვარელ საფარზე ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა 72-მდე აიყვანა. ამავდროულად, ნადალის მშობლიურ მალიორკაში უკვე მე-3 კვირა იყო, რაც უნიკალური ჰიბრიდული კორტის დაგებით იყვნენ დაკავებულნი. ეს პროცედურა, საერთო ჯამში, 1.63 მილიონი დოლარი დაჯდა და უნიკალური სანახაობა მივიღეთ: კორტის ცალი მხარე მწვანე (ბალახი) იყო, მეორე კი – ნარინჯისფერი (გრუნტი).

აღსანიშნავია, რომ კორტის მოწყობისას ბალახის მხარესთან დაკავშირებით მოულოდნელი პრობლემები წარმოიქმნა. საფარი, რომელიც თავდაპირველად დააგეს, დახურულ სივრცესთან შეუსაბამო აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში მატლების შესევამ გააფუჭა. ორგანიზატორებს უკვე გამზადებული კორტის ნახევრის შეცვლა ზედ თამაშის წინა ღამეს მოუწიათ: 400 კვადრატული მეტრის მაღალი ხარისხის ბალახი სასწრაფო რეჟიმში ადგილობრივი გოლფ-კლუბიდან მოიტანეს.

მატჩი, რომელიც 1973 წელს "სქესთა ჯახის" (ბობი რიგსი ბილი ჯინ კინგის წინააღმდეგ) შემდეგ, ყველაზე უცნაურ შერკინებად მოინათლა, 2 მაისს გაიმართა. მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები გავიდნენ კორტზე, რომელიც ორივე მათგანის საყვარელ საფარს შეიცავდა. თამაშამდე, ფედერერი, რომელსაც ბალახზე მიჯრით 48 შეხვედრა არ წაეგო (ზედიზედ 4-ჯერ მოგებული უიმბლდონის ჩათვლით), ამბობდა:

“ამ უნიკალურ მოვლენას ორივენი მოუთმენლად ველით. საინტერესო იქნება იმის ნახვა, ვინ უფრო სწორ ტაქტიკას აირჩევს. ისიც მომწონს, რომ მატჩი მალიორკაში, რაფას მშობლიურ ალაგას ჩატარდება. ის უკვე იმყოფებოდა ბაზელში, ახლა კი, მასთან შინ ვითამაშებთ”.

მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩოგბურთელები კორტის ნახევრის ყოველი შეცვლისას სპორტულ ფეხსაცმელსაც იცვლიდნენ, რათა საფარის შესაბამისი ამუნიცია ჰქონოდათ, ამდენად, გეიმებს შორის პაუზები 2 წუთით იყო განახგრძლივებული.

საბოლოოდ, 7:5, 4:6, 7:6 (12:10) მოიგო ნადალმა, რომელსაც იმ პერიოდში მისთვის განუყრელი ბრიჯები და მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა.

შეხვედრის შემდეგ ესპანელმა ჩოგბურთელმა განაცხადა: “ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არადა, თამაშამდე ველოდი, რომ კატასტროფა მოხდებოდა, რადგანაც კორტთან შეგუებას ვერ მოვახერხებდი. მიხარია, რომ ამ მხრივ შევცდი”.

კმაყოფილი იყო შვეიცარიელიც: “კორტი ჩინებულად იყო მომზადებული, განსაკუთრებით, გრუნტის მხარე. საინტერესოც გახლდათ, რადგანაც მუდმივად იმაზე ფიქრი იყო საჭირო, რომელი მხრიდან რა სახის დარტყმები უნდა შეგესრულებინა. ბალახზე თავიდანვე კარგად გადავაადგილდებოდი, გრუნტზე კი უფრო გამიჭირდა”.

ისტორიულ მატჩში გამარჯვება რაფაელ ნადალს დარჩა

მეტოქეებმა ერთმანეთი შამპანურითაც გაწუწეს და შეთანხმდნენ, რომ ამგვარი ექსპერიმენტი სამომავლოდავც გაემეორებინათ, აი, ქომაგებში კი სხვაგვარი აზრი ფიგურირებდა.

ცხადია, არენაზე შეკრებილი პუბლიკა სანახაობით ფრიად კმაყოფილი დარჩა, სამაგიეროდ, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ფედერერის გვერდზე სოციალურ ქსელში. ასობით კომენტარში როჯერს ურჩევდნენ, ამგვარი თამაშები რაც შეიძლება მალე დაევიწყებინა. აი, ერთ-ერთი პოსტი:

“ძვირფასო როჯერ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩში მონაწილეობა არ უნდა მიგეღო. მითუმეტეს, იმ პერიოდში, როდესაც ზედიზედ რამდენიმე მასტერსი გაქვს ჩასატარებელი. იგივე რომის ტურნირის წინ, ეს თამაში არაფრისმომცემი იყო”.

შემდეგ კვირას, იტალიის დედაქალაქში გამართულ მასტერსზე ფედერერმა მართლაც წარუმატებლად იასპარეზა. შვეიცარიელმა უკვე მე-2 წრეში მასპინძელ ფილიპო ვოლანდრისთან წააგო. სამაგიეროდ, შეუჩერებელი იყო ნადალი, რომელმაც რომში ჯოკოვიჩს, დავიდენკოსა და გონსალესს აჯობა და კიდევ ერთი ტიტული დაისაკუთრა.

სამაგიეროდ, უკვე მომდევნო, ჰამბურგის მასტერსზე ფედერერმა რაფას დამარცხება შესძლო და გრუნტზე მისი 81-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ეს, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ 2 დიდი ჩოგბურთელის დაპირისპირებაში, ერთმა მეორეს მის საყვარელ საფარზე აჯობა. ნადალმა ამ მხრივ რევანში 2008 წელს აიღო, როდესაც როჯერს უიმბლდონის ფინალში აჯობა.

და რა ბედი ეწია ექსპერიმენტულ კორტზე რეგულარულად თამაშის იდეას? მიუხედავად იმისა, რომ ფედერერიცა და ნადალიც მალიორკული თავგადასავლით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, აღნიშნულ გართობას აღარავინ მიბრუნებია.

📺 ნადალისა და ფედერერის ისტორიული მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები