Thumbnail

გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბუნდესლიგის კლუბებში დაწყებული ტესტების შედეგად, სამშაბათს მიონხენგლადბახის ბორუსიაში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ‘ბილდის’ და ‘რაინიშე პოსტის’ ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდგინდა გლადბახის ფეხბურთელს და კლუბის ფიზიოთერაპევტს. ინფიცირებულები თვითიზოლაციურ კარანტინში იმყოფებიან, სხვა ფეხბურთელები კი დაგეგმილი, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებენ.

‘ბილდის’ ჟურნალისტის კითხვაზე, შეესაბამება თუ ეს სიმართლეს, კლუბში ასე უპასუხეს: “ვმოქმედებთ ისე, როგორც გერმანიის საფეხბურთო ლიგა გვეუბნება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ხუთშაბათიდან გუნდური ვარჯიშის დაწყებას ვგეგმავთ და სწორედ მაშინ შეგვეძლება იმის თქმა, ვარჯიშობს თუ არა ყველა ფეხბურთელი.” - ეს იმას ნიშნავს, რომ ხუთშაბათს ინფიცირებული ფეხბურთელის ვინაობა ცნობილი უნდა გახდეს.

გერმანულ კლუბებში ჯამში 10 შემთხვევაა გამოვლენილი - გლადბახში 2, კიოლნში 3, დინამო დრეზდენსა და ერცგებირგე აუეში თითო-თითო. 3 შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. საერთო ჯამში, პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36 კლუბში 1724 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები