Thumbnail

ვატო არველაძე: კორონა წარსულია, ჩემი ახალი აგენტი ესპანეთზე მუშაობს

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ვატო არველაძე პოლონური კორონას ფეხბურთელი აღარ არის
  • მას ახალი, ძლიერი აგენტი ჰყავს, რომელიც ახალ კლუბს ეძებს
  • ვატომ პოპსპორტთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვატო არველაძე პოლონურ კლუბ კორონას დაემშვიდობა და ამჟამად თბილისში იმყოფება. ტრავმა, რომელიც ვატოს თანაგუნდელმა მეკარემ მიაყენა, აღარ აწუხებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ინდივიდუალურად კარანტინის პერიოდშიც ვარჯიშობს. პოპსპორტი ვატო არველაძეს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

POPSPORT: შეიძლება ითქვას, რომ ტრავმის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდი?

ვატო არველაძე: ტრავმა საერთოდ აღარ მაწუხებს. ვცდილობ, ფორმა ინდივიდუალური ვარჯიშის მეშვეობით შევინარჩუნო. ვიღებ ფიზიკურ დატვირთვებს, ვვარჯიშობ ბურთთან ერთადაც. ისე მოხდა, რომ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ პანდემია მალე დაიწყო და თამაშის საშუალება არ მომეცა. 

POPSPORT: კორონადან წამოხვედი. რა იყო ამის მიზეზი?

არველაძე: პოლონურ კლუბთან ჩემი კონტრაქტი 2+1 სისტემით იყო გაფორმებული. მქონდა შემოთავაზება, რომ გამეხანგრძლივებინა, მაგრამ უარი ვთქვი. ორწლიანი ციკლის ამოწურვამდე დიდი დრო არ რჩებოდა. ტრავმა მქონდა, მწვრთნელიც შეიცვალა. ახალმა თავკაცმა აქცენტი უფრო ადგილობრივ მოთამაშეებზე გააკეთა. ვიფიქრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ გუნდს დავტოვებდი. როცა მოლაპარაკებები დასრულდა, პანდემიაც დაიწყო. ახლა თბილისში ვარ და საშუალება რომც იყოს, პოლონეთში ჩასვლას აზრიც აღარ აქვს.

POPSPORT: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

არველაძე: კორონაში ჩემთან ერთად ურუგვაელი ფეხბურთელი, სალასარი თამაშობდა. მისმა აგენტმა თანამშრომლობა შემომთავაზა. საკმაოდ ძლიერი აგენტია - ფეხბურთელები ჰყავს ესპანიოლში, ლევანტეში, ასევე ბუნდესლიგაში. ჩემს მომავალ კლუბზე ახლა იგი მუშაობს. უფრო ესპანურ გუნდებზე აქვს აქცენტი გაკეთებული.

'საქართველოს და პოლონეთის ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა'

POPSPORT: შენი პოლონური კარიერა რომ შეაჯამო - რა შეგძინა ამ პერიოდმა?

არველაძე: პირველ რიგში, უდიდესი გამოცდილება შევიძინე. სრულიად უცხო გარემოში, აბსოლუტურად მარტო მოვხვდი. ბევრ რამესთან დამჭირდა ადაპტირება. პოლონეთში რომ ფეხბურთი ითამაშო, არაა მარტო საკმარისი, რომ დათქმულ დროს ვარჯიშზე მიხვიდე და დაიტვირთო. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგაც საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. საქართველოს და პოლონეთის ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. პოლონეთის პირველობა გაცილებით უფრო მაღალი დონისაა. დასანანია, რომ არ გამიმართლა. ტრავმამ ხელი შემიშალა. თან გუნდში მწვრთნელი შეიცვალა. რომ არა ეს მიზეზები, ყველაფერი, შესაძლოა, უკეთ განვითარებულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები