Thumbnail

ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია! ბაიერნი და სანე ბოლო დეტალებს ათანხმებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • SPORT BILD-ის ინფორმაციით, ლეროი სანე და მიუნხენის ბაიერნი შეთანხმდნენ
  • სხვა გერმანული გამოცემები დეტალების შესახებ წერენ

ტრანსფერი, რომელსაც მიუნხენში დიდი ხანია ელოდებიან, შესაძლოა, ძალიან მალე განხორციელდეს. ჟურნალი SPORT BILD ოთხშაბათის ახალ ნომერში წერს, რომ ბაიერნი და მანჩესტერ სიტის გარემარბი ლეროი სანე 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. 

SPORT BILD-ის ახალი ნომრის პირველი გვერდი

კიდევ ერთი სოლიდური გერმანული გამოცემა, SPORT1 ადასტურებს, რომ ორივე მხარე ძალიან ახლოსაა შეთანხმებასთან, მაგრამ ჯერ ბოლომდე არაფერი გადაწყვეტილა.

მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და ტრანსფერი, რომელიც შარშან უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა, წელს შედგება. SPORT1-ის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი და გერმანიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი ბოლო დეტალებს ათანხმებენ - მათ შორის კონტრაქტის ხანგრძლივობასაც. დიდი შანსია, რომ სანემ რეკორდმაისტერთან მართლაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

SPORT BILD წერს, რომ მიუნხენში დაინახეს შანსი, სასურველი ფეხბურთელი 60 მილიონ ფუნტზე (დაახლოებით 69 მილიონი ევრო) ნაკლებ ფასად შეიძინონ. როგორც ირკვევა, მიუნხენიდან პირველი შეთავაზება 40 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 46 მილიონი ევრო) იყო. აღსანიშნავია, რომ შარშან ამ დროს საუბარი იყო 100-დან 150 მილიონ ევრომდე თანხაზე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

► პირველ რიგში, შეცვლილია სატრანსფერო ბაზარი. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ფეხბურთელების ფასებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწია. სანეს ფასი ტრანსფერმარკტზე 100-დან 80 მილიონ ევრომდე დაეცა. კლუბებს შემოსავალი აღარ აქვთ, დიდი ფინანსური კრიზისის საფრთხე ემუქრებათ და ბოსები და აგენტები მიიჩნევენ, რომ ამ ზაფხულში ძალიან ცოტა ტრანსფერი განხორციელდება. სანეს შემთხვევა კი სხვანაირია - მას 2021 წელს სიტისთან კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, გაისად კლუბი უფასოდ დატოვოს. ამიტომ, სიტი ახლა წნეხის ქვეშაა.

► სიტის ფული სჭირდება. კლუბი უეფამ ორი წლით მოკვეთა ევროტურნირებიდან. ამიტომ, მანჩესტერულმა კლუბმა ტრანსფერებით უნდა აიღოს ფული, რათა Financial-Fairplay-წესი არ დაარღვიოს.

► სანეს ფასი კიდევ იმის გამო აკლდება, რომ მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. წინა ზაფხულში მან უმძიმესი ტრავმა მიიღო. ბოლო ოფიციალური მატჩი სანეს 9 თვის წინ აქვს ჩატარებული.

ბაიერნის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ მიუხედავად კრიზისისა, ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება სურთ. “ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ის, რომ გვყავდეს გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ვეცდებით, რომ საერთაშორისო დონის ტოპ-ვარსკვლავი ყოველ წელს ვიყიდოთ,” - თქვა ჰაინერმა.

ლეროი სანე ნამდვილად ასეთია.

კომენტარები

ბოლო ამბები