Thumbnail

როგორც იქნა! დიდი ფეხბურთი ბრუნდება!

გერმანიის კანცლერისა და 16 რეგიონის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ბუნდესლიგას სეზონის განახლების უფლება მაისის მეორე ნახევრიდან მიეცა, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) ფეხბურთის დაბრუნების კონკრეტული თარიღი ძალიან მალე დაასახელა. ბუნდესლიგა 15 მაისს დაბრუნდება.

რურის დიდი დერბი და დიუსელდორფი

სეზონი გაგრძელდება 26-ე ტურით, რომელიც მარტის შუა რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო და რომლის პირველი, ანუ პარასკევის მატჩი დიუსელდორფის ფორტუნას და პადერბორნის დაპირისპირებაა. სხვა დროს ამ შეხვედრას ბევრი მაყურებელი ნამდვილად არ ეყოლებოდა, მაგრამ ახლა, როცა ფეხბურთი ყველას ძალიან მოენატრა, დიუსელდორფი ალბათ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში იქნება.

მატჩები, რა თქმა უნდა, უმაყურებლოდ გაიმართება და ასეთი კადრის ყურება მოგვიწევს

გამორიცხული არ არის, რომ DFL-მა მატჩების განრიგი შეცვალოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გერმანელებს ცვლილებები არ უყვართ, ამის შანსი მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ ფორტუნა და პადერბორნი სუსტი გუნდები არიან, თამაში მაინც ძალიან საინტერესო გამოვა, რადგან ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის. 

26-ე ტურის ცენტრალური მატჩი კი, რა თქმა უნდა, რურის დიდი დერბია, ბუნდესლიგის მშვენება! ჩემპიონობისთვის მებრძოლი დორტმუნდის ბორუსია მე-6 ადგილზე მყოფ შალკეს უმასპინძლებს და იმედია, ამჯერად დერბიში ბევრ გოლს ვნახავთ - პირველ წრეში შალკესა და დორტმუნდის დუელი 0:0 დასრულდა.

ბუნდესლიგის 26-ე ტური

ფორტუნა V პადერბორნი
დორტმუნდი V შალკე
ლაიპციგი V ფრაიბურგი
ჰოფენჰაიმი V ჰერტა
კიოლნი V მაინცი
უნიონი V ბაიერნი
აინტრახტი V გლადბახი
აუგსბურგი V ვოლფსბურგი
ვერდერი V ლევერკუზენი

კომენტარები

ბოლო ამბები