Thumbnail

მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ გერმანიის ჩემპიონატი 15 მაისიდან უნდა განახლდეს, საფეხბურთო ლიგამ პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებთან დღეს ონლაინ-თათბირი გამართა და რესტარტის კალენდარი დაადგინა.

გადაწყდა, რომ სეზონი 6 კვირაში უნდა დასრულდეს. განახლებისას პარასკევის მატჩი არ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონატი დიუსელდორფის ფორტუნას და პადერბორნის მატჩით არ განახლდება, რომელიც 26-ე ტურის პარასკევის თამაში იყო. გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისიდან (შაბათი) დაბრუნდება - ერთდროულად 5 მატჩით, რომელთა შორისაც ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, რურის დიდი დერბია: დორტმუნდი შალკეს წინააღმდეგ (17:30).

გერმანიის ჩემპიონატი რურის დიდი დერბით დაბრუნდება

“ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მიუხედავად ყველაფრისა, უდიდესი სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო,” - ეს გერმანიის საფეხბურთო ლიგის ბოსის, კრისტიან ზაიფერტის სიტყვებია.

26-ე ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს გაიმართება - ეს არის ბრემენის ვერდერისა და ლევერკუზენის დაპირისპირება. მიუნხენის ბაიერნი 17 მაისს ითამაშებს - ბერლინის უნიონთან.

მანუელ ნოიერი სეზონის განახლებისთვის ემზადება

ასევე გაირკვა, რომ ბუნდესლიგის 28-ე ტური შუა კვირაში გაიმართება - 26 და 27 მაისს. სწორედ ამ ტურშია სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელშიც დორტმუნდის ბორუსიამ ბაიერნს უნდა უმასპინძლოს. თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა, ბუნდესლიგის სეზონი 27/28 ივნისს უნდა დასრულდეს. შემდეგ დაიწყება სარელეგაციო მატჩები. აღსანიშნავია, რომ გერმანელ მსაჯებს კორონავირუსზე ტესტი ჯერ არ ჩაუბარებიათ. ზაიფერტის თქმით ეს ამ დღეებში მოხდება.

გერმანიის საფეხბურთო კავშირში ასევე ფიქრობენ იმაზეც, რომ კლუბებს 5-5 ცვლილების განხორციელების ნება დართონ - თუკი ფიფა DFL-ს ამის უფლებას მისცემს.

ბუნდესლიგის 26-ე ტურის განრიგი

16 მაისი: 17:30 - დორტმუნდი V შალკე
16 მაისი: 17:30 - ფორტუნა V პადერბორნი
16 მაისი: 17:30 - ლაიპციგი V ფრაიბურგი
16 მაისი: 17:30 - ჰოფენჰაიმი V ჰერტა
16 მაისი: 17:30 - აუგსბურგი V ვოლფსბურგი
16 მაისი: 20:30 - აინტრახტი V გლადბახი
17 მაისი: 17:30 - კიოლნი V მაინცი
17 მაისი: 20:00 - უნიონი V ბაიერნი
18 მაისი: 22:30 - ვერდერი V ლევერკუზენი

კომენტარები

ბოლო ამბები